პავლე კუბლაშვილი : სახელმწიფო რესურსების და ფინანსების ფლანგვა ხდება

პრემიების ასე განაწილება მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო რესურსების და ფინანსების ფლანგვა ხდება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ 2013 წელს პრემიებში 138 მილიონი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე გასულ წლებში.

"როცა ახალ დანიშნულ ადამიანს აძლევ პრემიას 15, 20 და 30 ათასს, ეს ნიშნავს, რომ პრემიებთან დაკავშირებით არავითარი პოლიტიკა არ არსებობს და ეს არის მიშვებული აბსოლუტურად თავისუფალ ფლანგვაზე. რაც შეეხება ზოგად ვითარებას, თუ დავინახავთ, რომ 2013 წელს ამ ხელისუფლებამ ხელფასებში და პრემიებში დახარჯა 138 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2011- 2012 წლებში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პრემიებთან დაკავშირებით სრული უკონტროლობაა და ეს არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, დაიმსახურა თუ არა ცალკეულმა პიროვნებამ ეს თანხა,”- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

IDFI მინისტრებზე 2013 წელს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, გასულ წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი აქვს გაცემული.