სოფელ ნაფარეულში ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლში“ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმის გახსნას დაესწრო.

სამუზეუმო კომპლექსი 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან შედგება, სადაც ქვევრის წარმოებისა და ქვევრში ღვინის დაყენების სრული პროცესია აღწერილი.

„ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი საქართველოში პირველად იხსნება. ამ მუზეუმის გახსნა საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურობაზე მიუთითებს და კიდევ ერთი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააკვირდეს ქვევრის ღვინის წარმოების პროცესებს - გაჭრილ ქვევრებში ღვინის დუღილსა და დაწმენდას, ქვევრის დალუქვასა და გახსნას, ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღებას და სხვა. მუზეუმში წარმოდგენილია „ტყუპების საღვინე სახლის“ 15-წლიანი ღვინოების კოლექცია, სხვადასხვა საარქივო ფოტომასალა და ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნის, საწნახელის შესახებ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, როგორც მეღვინეობა-მევენახეობის, ასევე ტურიზმის და, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და განვითარებისთვის.