ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფართობების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს მიღება - ჩაბარების აქტები, რომლებიც მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერ მფლობელობაში გადაცემას ადასტურებდა. ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მიმდებარედ, სოფელ ქვემო ლისის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 4 500 მ2 ფართობის სამ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 334 287 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.