ევროკავშირის 5 ქვეყანა, სადაც მცირე ბიზნესი სწრაფად ვითარდება

მოწინავე სახელმწიფოებში საშუალო, მცირე და მიკრო ბიზნესი სწრაფი ტემპით ვითარდება, რადგან ხელისუფლება მცირე საწარმოებს სერიოზულ დახმარებას უწევს.

ამ ქვეყნებში მცირე საწარმოთა ძირითად მასას ქმნიან კომპანიები, სადაც 20 კაცზე ნაკლებია დასაქმებული. ახალი სამუშაო ადგილების 2/3-ის ფორმირებას სწორედ მცირე საწარმოები უზრუნველყოფენ. მცირე საწარმოები ეფექტიანობას ავლენენ არა მარტო სამომხმარებლო სფეროში, ასევე მრეწველობასა და გადამამუშავებელ დარგებშიც.

ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიკრო ბიზნესად მიჩნეულია ბიზნესი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-ზე ნაკლები ადამიანი და რომლის ბრუნვა შეადგენს 2 მილიონ ევროს, ხოლო მცირე ბიზნესად მიიჩნევა საწარმო, სადაც დასაქმებულია 10-49 ადამიანი, ხოლო მთლიანი ბრუნვა 10 მლნ ევროს არ აღემატება.

რომელ სახელმწიფოებშია ყველაზე მეტად განვითარებული მცირე ბიზნესი? - ამ საკითხზე ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ირაკლი მაკალათია გვესაუბრება, რომელმაც ,,ევროსტატის’’ (ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური) 2018 წლის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 5 ასეთი ქვეყანა დაასახელა:

საბერძნეთი

რამდენიმე წლის განმავლობაში კრიზისში მყოფი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. საბერძნეთის ეკონომიკაში აშკარად იკვეთება დადებითი ძვრები და მისი მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობაც უკეთესი ხდება. ამას ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებაც. ამ ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების 35.9% მიკრობიზნესზე მოდის, ხოლო 20.1% - მცირე ბიზნესზე. მიკრობიზნესში დასაქმებულია საბერძნეთში მცხოვრებთა 58.6%, ხოლო მცირე ბიზნესში - 17.0%

სლოვაკეთი:

სლოვაკეთი გატარებული ეკონომიკური რეფორმების შემდეგ სწრაფად განვითარდა. ეს ქვეყანა 1993 წელს გამოეყო ჩეხეთს, 2004 წელს კი, ევროკავშირის წევრი გახდა. სლოვაკეთის მთავრობა მაქსიმალურად უწყობდა ხელს უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და შრომის ბაზრის ლიბერალიზაციას, რასაც ბიზნესის სწრაფი განვითარება მოჰყვა. 2000 წლის შემდეგ, სლოვაკეთის ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა, რაშიც მცირე ბიზნესმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ამას ციფრებიც ადასტურებს: დამატებული ღირებულების მიხედვით, მიკრო ბიზნესის წილი სლოვაკეთის ეკონომიკაში - 26.5%-ია, ხოლო მცირე ბიზნესისა - 17.3%. რაც შეეხება დასაქმებას, მიკრო ბიზნესში სლოვაკეთის მკვიდრთა 38.6% საქმიანობს, ხოლო მცირე ბიზნესში - 15.4%.

იტალია:

იტალია ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, სადაც მრეწველობის დიდი ნაწილი სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება. გასული საუკუნის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის მიზანი კერძო სექტორის გაძლიერება გახლდათ. იტალიის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი მომსახურების სფეროს, მრეწველობას და აგრობიზნესს უკავია. მიკრობიზნესში დასაქმების მიხედვით იტალიას შთამბეჭდავი მიღწევები აქვს: იტალიელთა 46.4% ამ ბიზნესშია ჩართული, ხოლო დამატებული ღირებულების მიხედვით მიკრო ბიზნესის წილი ეკონომიკაში 29.3%-ია.

ესპანეთი:

ეკონომიკური პოტენციალით ესპანეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროგაერთიანებაში. ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგებს შორის მომსახურების სფეროს წაყვანი ადგილი უკავია, თუმცა ასევე დიდია ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სხვა დარგების როლიც. ესპანეთი ტურისტების რაოდენობის მხრივ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა. საკმაოდ განვითარებულია ამ ქვეყანაში მიკრო და მცირე ბიზნესიც: დამატებული ღირებულების მიხედვით მიკრო ბიზნესს ესპანეთის ეკონომიკის 26.2% უკავია, ხოლო მცირე ბიზნესს -19.4%. მიკრო ბიზნესში ესპანელების 40.8%-ია დასაქმებული, ხოლო მცირე ბიზნესში - 19.6%

გერმანია:

ამ ჩამონათვალში საპატიო ადგილი უკავია ევროკავშირის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს - გერმანიას. ეს არც არის გასაკვირი ქვეყნისგან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 10 წელზე ნაკლებ დროში აღადგინა თავისი ეკონომიკა და მთელი მსოფლიო გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე აალაპარაკა. თანამედროვე გერმანიის ეკონომიკაში მიკრო და მცირე ბიზნესი დიდ როლს ასრულებს. კერძოდ: დამატებული ღირებულების მიხედვით გერმანიაში მიკრობიზნესის წილი 15.1%-ია, ხოლო მცირე ბიზნესისა - 18.1%. მიკრობიზნესში დასაქმებულია გერმანიის მოქალაქეების 19.0%, ხოლო მცირე ბიზნესში - 23.1%.

ხათუნა ჩიგოგიძე