ამერიკული გამოცემა Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების შესახებ წერს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მსოფლიში 21 წლის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდრესენია, რომლის ქონებაც 1.4 მილიარდად არის შეფასებული.
მან ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც მამისგან იოჰან ანდრესენისგან ოჯახური საინვესტიციო კომპანია Ferd-ის აქციების 42% ერგო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიას კვლავ იოჰან ანდრესენი მართავს და სააქციო საზოგადოების 70%-ს ხმათა რაოდენობასაც ის აკონტროლებს.
ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში მე-2 ადგილს ალექსანდრას და - კატერინა ანდრესენი იკავებს, რომელიც ალექსანდრაზე 1 წლით უფროსია. 22 წლის კატერინას ქონება ასევე 1.4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ქონება მანაც მამისგან კომპანია Ferd-ის აქციების 42%-ის სახით მიიღო. როგორც გამოცემა წერს, 22 წლის მილიარდერი გასულ წელს ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 32 ათასი დოლარით დაჯარიმდა. ამასთან, 13 თვით შეუჩერდა ავტომობილის მართვის უფლება.
ჩამონათვალში მე-3 კი გუსტავ მაგნარ ვიტცოა. 24 წლის მილიარდერი ასევე ნორვეგიელია, რომლის ქონებაც Forbes-ის ცნობით, 1.9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. გუსტავი ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თევზის მწარმოებელი კომპანიის Salmar ASA-ს თითქმის ნახევარს. კომპანია 1991 წელს მისმა მამამ დააარსა და თავისი წილი გუსტავმა სწორედ მამისგან მიიღო 2013 წელს.