ხელისუფლებაში მყოფი მილიონერი დეპუტატები ფულს ათეთრებენ, რომელიც მათთვის არალეგალური შემოსავალია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მაღალჩინოსნების მიერ ოჯახის წევრებისგან მიღებული ფულადი საჩუქრების სიხშირე ადასტურებს, რომ ქვეყანაში სერიოზული კორუფციაა, რასაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს.
მაღალჩინოსნების მხრიდან ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრების მითითება მოდური ტენდენცია გახდა. პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დეპუტატებითა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებით დასრულებული, წლიურად ასიათასობით ლარის შემოსავალს იღებენ და ასე "აპრავებენ", თითქოს ოჯახის წევრები ან მეგობრები სისტემატურად ასაჩუქრებენ. ეს ყველაფერი თანდათან ემსგავსება იმ მეთოდებს, რაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო, როდესაც ბობოლა მოხელეებს უძრავი ქონება და ძვირფასი მანქანები სიდედრებზე ჰქონდათ გადაფორმებული.
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს აგრძელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ჩინოვნიკების მიერ მიღებული საჩუქრები დამატებით შესწავლას საჭიროებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მაღალჩინოსნების მიერ ფულადი საჩუქრების მიღება გარკვეულ კორუფციულ რისკთანაა დაკავშირებული, რის გამოც საჯარო სამსახურის ბიურომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეისწავლოს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევით ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს მამისგან საჩუქრად 50 000 დოლარი მიიღო, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილს მამამ 2016 წელს 120 000 დოლარი უსახსოვრა. ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანი ნინო წილოსანი მშობლებმა 100 000 ლარით დაასაჩუქრეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ არჩილ გოგსაძეს 2017 წელს მამისგან 25 000 ლარი ერგო, ხოლო 2016 წელს ძმისგან და დეიდაშვილისგან - 20 000 ლარი. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ფულადი საჩუქარი - 20 000 ლარი 2016 წელს მამისგან მიიღო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ირმა გელაშვილს კი ასევე მამისგან 20 000 ლარი ერგო. მსგავსი შემთხვევები ორგანიზაციის კვლევაში კიდევ რამდენიმეა.
კანონი მთელ რიგ შეზღუდვებს ადგენს თანამდებობის პირებისთვის. მაგალითად, მათ ეკრძალებათ საჯარო სამსახურის პარალელურად რაიმე თანამდებობის დაკავება ან ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება კერძო სექტორში, ასევე, ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდიოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება. მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებისთვისაც. ამავე დროს, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.
საზოგადოებაში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციაა, რაც სახიფათოა არა მხოლოდ კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის, არამედ მთლიანად სისტემისთვის. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, ნებისმიერი ასეთი ქმედება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია.
"სჯობს, სანამ ჩინოვნიკი ხარ, ძვირადღირებული საჩუქარი არ მიიღო. ასეთი ტიპის საჩუქრების მიღებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი. რა თქმა უნდა, ეს ის მდგომარეობაა, როცა რეალურად ჩნდება კორუფციის საფრთხე, არადეკლარირებული შემოსავალი მოხელისთვის სერიოზული პრობლემაა. კეთილდღეობის სურვილი ხშირად დაუოკებელია და ყველა თავისი ინტელექტის შესაბამისად ცდილობს, გვერდი აუაროს ნებისმიერ ასეთ მოთხოვნას.
როდესაც ჩინოვნიკი კანონს არღვევს, სახიფათოა ქვეყნისთვის არა მარტო პირადი კორუმპირებულობის გამო, არამედ მთლიანად სისტემის მდგრადობას უქმნის საფრთხეს. ცხადია, როცა პრემიერი იგინება, ამ საქციელით ყველას ეძლევა უფლება, რომ შეიგინოს. შესაბამისად, როცა მას მამა ჩუქნის დიდძალ ფულს, ბუნებრივია, ყველას გამოუჩნდება ასეთი "მამა", რომლისგანაც 50 000 ან 100 000 დოლარს მიიღებს საჩუქრად.
რაც შეეხება საჯარო სტრუქტურების მხრიდან ასეთი ფაქტების გამოძიებას, ჩვენთან სისტემა ისეა დალაგებული, რომ თავის თავს არავინ დაიჭერს. ამდენად, არც არავის აქვს იმედი, რომ მსგავს შემთხვევებს გამოიძიებენ", - აცხადებს ხუხაშვილი.
თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ხელახლა შესწავლას ითხოვს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. იგი ეჭვქვეშ აყენებს იმ თანხას თუ უძრავ ქონებას, რომლებიც მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, როგორც ოჯახის წევრისგან საჩუქარი, ისე აქვთ მითითებული. მისი აზრით, დეპუტატები ათეთრებენ ფულს, რაც ქვეყანაში კორუფციის დიდ რისკს ქმნის.
"2017 წელს თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ შემოსავალსა და გასავალს შორის შეუსაბამობა იყო, ან უფრო მეტი გასავალი ჩანდა, ვიდრე შემოსავალი აქვთ. რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს, შესაბამისად, მოიფიქრეს სქემა, ე. წ. საჩუქრები რომელსაც ოჯახის სხვადასხვა წევრები ჩუქნიან თანამდებობის პირებს.
ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა საჩუქრის სახით პენსიონერ მამისგან 50 000 დოლარი მიიღო, მას კი არა აქვს ბიზნესი ან რამე ტიპის შემოსავალი. საჯარო რეესტრში ასეთი მონაცემი არ იძებნება. უამრავი შემთხვევა გამოაშკარავდა, რომ თანამდებობის პირებს ოჯახის წევრები სოლიდურ თანხას "ჩუქნიან". უხერხული სიტუაცია იქმნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ დეპუტატები ათეთრებენ ფულს, რომელიც მათთვის არალეგალური შემოსავალია.
დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ქვეყანაში სერიოზული კორუფციაა და ამას აქვს სისტემური ხასიათი. დემოკრატიულ ქვეყნებში ნებისმიერი ასეთი ფაქტი სერიოზული დანაშაულია და ბევრი დატოვებდა თანამდებობას, მაგრამ მსგავსი მიდგომა ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არსებობს", - აცხადებს ხაბეიშვილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წევრებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურის მიერ მსხვილი საჩუქრის დეკლარირება ხდება, ასეთი ტრანზაქცია უნდა გადამოწმდეს იმის დასადგენად, ხომ არ არის ეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"