დიდი ბრიტანეთის დეპუტატები  ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრ ამბერ რადისგან მოითხოვენ, უკანასკნელ წლებში ბრიტანეთში 14 ადამიანის მოულოდნელი ან საეჭვო გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ჩატარდეს. ამის შესახებ BBC წერს. აღნიშნულ 14 პირს შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამოძიებაზეც არის საუბარი.

მიმართვაში პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის უფროსი ივეტ კუპერი შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, დაავალოს ბრიტანეთის ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოს, გამოიძიონ გარდაცვალების 14 შემთხვევა, რომლებიც ბრიტანეთის პოლიციამ საეჭვოდ არ ჩათვალა, მაგრამ რომელთაც აშშ-ს სპეცსამსახურები რუსეთის სახელმწიფოს უკავშირებენ.

გარდაცვლილთა უმეტესობა სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულნი ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან ან ФСБ-ს ყოფილ აგენტთან ალექსანდრე ლიტვინენკოსთან, რომელიც 2006 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების ავტორების დასკვნით, ამ შემთხვევების უკან შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები ან მაფიოზური დაჯგუფებები იყვნენ, ბრიტანეთის პოლიციამ კი ისინი ან უბედურ შემთხვევად, ან თვითმკვლელობად აღიარა, რათა რუსეთთან ურთიერთობები არ გაემწვავებინა.

2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.