თბილისის ცირკს, რომელიც 18 მლნ დოლარად იყიდება, მყიდველი ისევ არ ჰყავს

თბილისის ცირკის შენობას, რომელიც საკმაოდ სოლიდურ ფასად - 18 მილიონ დოლარად იყიდება, მყიდველი კვლავ არ გამოსჩენია.

როგორც ობიექტის მფლობელი მზია პატარკაციშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, მისთვის უცნობია, შენობის ყიდვის სურვილი ვინმემ გამოთქვა თუ არა.

„მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე ამბავი არ მოსულა, რომ ვინმემ შენობის შეძენის ინტერესი გამოხატა“, - აცხადებს მზია პატარკაციშვილი.

თბილისის ცირკის შენობა 2017 წლის ოქტომბრიდან იყიდება. აგენტი Colliers International Georgia-ა, სადაც „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მსგავსი ინფორმაციის გამხელის უფლება არ აქვთ, თბილისის ცირკის შენობას მყიდველი გამოუჩნდა თუ არა.

ამასთან, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, თბილისის ცირკის შენობა არის ისტორიული ნაგებობის მრავალფუნქციური განვითარების პოტენციით. იგი ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.მ. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან.

აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის მათ შორის ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.

Colliers International Georgia-ის ინფორმაციით, 21,014კვ.მ ფართობის აღნიშნული უძრავი ქონებიდან გმირთა მოედანზე, ქალაქის მთავარ სატრანსპორტო თავშეყრის ადგილზე იშლება ხედი. თბილისის სამი ყველაზე აქტიური და პოპულარული უბანი: ვაკე, ვერა (მთაწმინდა) და საბურთალო სწორედ ამ ადგილას ხვდება ერთმანეთს. შენობას აქვს თვალისმომჭრელი პანორამული ხედი თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე: ქალაქის ისტორიულ ნაწილზე, მთაწმინდაზე და მტკვარზე.

თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, 2007 წელს შენობა დალუქეს და მისი ხელახლა გახსნა მხოლოდ 2011 წელს მოხდა.

თეონა კენჭიაშვილი