შიდა ქართლში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო - რა კეთდება რეგიონში

შიდა ქართლის რეგიონში, ტურისტულ ზონებში, მათ შორის ბატეთის ტბაზე პირველადი მოხმარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბატეთის ტბასთან 3-4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

„ძამას ხეობაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მცირე მონაკვეთი რჩება დასასრულებელი და უახლოეს პერიოდში მთლიანი ინფრასტრუქტურა იქნება განვითარებული. ეს რა თქმა უნდა, ტურისტული მიმართულების განვითარებას ხელს შეუწყობს. ბატეთის ტბასთან მისასვლელი 3-4 კილომეტრიანი გზა რჩება, რომელსაც რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება. ტურისტების დიდი ნაკადი გვყავს სეზონზე და ამიტომაც პირველადი მოხმარებისსთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, - აცხადებს სამხარაძე.

მისივე ინფორმაციით, მთელ რეგიონში ტურისტულ ზონებში შესაბამისი ბილიკები მოეწყობა.

„ტენდერის სახით გამოვავლინეთ კომპანია, რომელმაც ტურისტული მარშუტები უკვე დაადგინა და შესაბამის სამუშაოებს დაიწყებს. მიმდინარე სეზონისთვის ტურტისტული ბილიკები მოეწყობა. ასევე, ტურისტების მოზიდვის მიზნით, მაისის ბოლოს სამდღიან ტურს მოვაწყობთ. რეგიონში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვაა საჭირო, ამისთვის რესურსი და ღირშესანიშნავი ადგილები ბევრი გვაქვს“, - აღნიშნავს გუბერნატორი.

კახა სამხარაძის თქმით, ტურისტული მიმართულებით მნიშვნელოვანია სასტუმროების მშენებლობის საკითხიც: „ამ ეტაპზე ქვიშხეთში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. მასში მინიმუმ 27 ნომერი განთავსდება. შედარებით დაბალი კლასის და ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, სასტუმროები შენდება სურამსა და ხაშურში, მათ შორის სურამის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი ინვესტორი სასტუმროს აშენებს.“

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, შიდა ქართლში 2018 წელს ჯამში 33 მილიონი ლარის მოცულობის პროექტი განხორციელდება.

„2018-2021 წლების სამოქმედო გეგმა გაწერილი გვაქვს. რეგიონში სავალი გზებისა და სასმელის წყლის პრობლემა სრულად უნდა აღმოიფხვრას. ჩვენი მიზანია, რომ 2021 წელს განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ამ მიზნით მიმდინარე წელს ჩვენს რეგიონში 102 პროექტი განხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 33 მილიონი ლარი იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია გაზიფიცირების საკითხიც, 310 სოფლიდან 228-ს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება. დარჩენილ 82 დასახლებულ პუნქტს უახლოეს წლებში ბუნებრივი აირი ექნებათ. კასპში, თეძამის წყალსაცავის მასშტაბური პროექტი გვაქვს დაწყებული, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი ლარია და 7000 ჰექტარამდე გასარწყავიანების პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს“, - აცხადებს კახა სამხარაძე.

ამასთან, მისივე თქმით, გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 2 მილიონნახევრამდე ლარი იქნება. ამასთან, 75 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება შიდა ქართლში, სადაც 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ახალი ელექტროსადგურები აშენდება. კახა სამხარაძის თქმით, მიმდინარეობს წინასწარი მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია, რომ რეგიონში მზის პანელებით ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყოს.

თეონა კენჭიაშვილი