ამერიკის ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვეობით წნეხის პოლიტიკას. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, სიგალ მენდელკერმა „ატლანტიკურ საბჭოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყების პოზიცია ამ საკითხში დაფუძნებულია უკრაინაში ამჟამად არსებულ ვითარებაზე და მოსკოვის პოლიტიკაზე ყირიმთან მიმართებით, ასევე რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში „ჩარევაზე“.
მენდელკერმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს მხრიდან ადრე გამოქვეყნებული „კრემლის სია“, რომელიც მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ოლიგარქებისგანაა დაკომპლექტებული, გამოყენებული იქნება მომავალი სასანქციო შეზღუდვებისას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა 2 მარტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები. რუსეთი კი თავის მხრივ, როგორც უკრაინაში ვითარების ესკალაციასა და ასევე ამერიკის არჩევნებში მის მონაწილეობაზე ბრალდებებს უარყოფს.
კოკა კვირკველია