”დარიალში მთის ჩამოშლა ჰესის გამო არ მომხდარა”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი ”ლარსი ჰესის” მშენებლობა არ ყოფილა.

როგორც ელოშვილმა bpn-თან საუბრისას აღნიშნა, შემთხვევა ”ლარსი ჰესის” მიდამოებში მოხდა, თუმცა ჰესი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მისი ინფორმაციით, ჰესის ტერიტორიაზე მეწყერის მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაშალია.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სპეციალისტები შემთხვევის ადგილას ვერტმფრენებით უკვე გაემგზავრნენ და მეწყერის ჩამოშლის მიზეზებს შეისწავლიან.

შემთხვევა დარიალის ხეობაში ცოტა ხნის წინ მოხდა. მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, ”ლარსი ჰესის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.

ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.

დაბა ყაზბეგში "ლარსი ჰესი" ოფიციალურად მიმდნარე წლის 24 იანვარს გაიხსნა, ჰესის გახსნას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრნენ.