ჩინეთი ამერიკასთან სავაჭრო ომის წინააღმდეგია

ჩინეთსა და აშშ-ს შორის შესაძლო სავაჭრო ომი, პეკინში ამ დღეებში მიმდინარე სრულიად ჩინეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების სხდომაზე სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს.

ჩინეთის კომერციის მინისტრის ჩჟუნ შანის განცხადებით, ამ სავაჭრო ომში არ იქნება არავინ გამარჯვებული და ის შეიძლება გახდეს უბედურების მომტანი ორი ქვეყნის ეკონომიკისთვის და შესაბამისად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც.

ჩჯუნ შანის განცხადებით, ბოლო 40 წელიწადში ამერიკა-ჩინეთის ვაჭრობა 232-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ურთიერთინვესტიციების მოცულობა 230 მილიარდ დოლარს აღწევს.

მან ერთადერთ უმთავრეს პრობლემად ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებში ამერიკის სავაჭრო დეფიციტი დაასახელა, რომელიც ამერიკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად დაახლოებით, 20%-ით იზრდება. ამ დეფიციტს სტრუქტურული ხასიათი აქვს და დაკავშირებულია ამერიკის მხრიდან ჩინეთში მთელი რიგი მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შექმნილ სიტუაციაში მთავარია ამერიკამ და ჩინეთმა განაგრძონ მოლაპარაკებების პროცესი არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად.

კოკა კვირკველია