"ტაქსის მძღოლებისათვის სანებართვო პირობების დაწესების მთავარი მიზანია ვიცოდეთ, რა რაოდენობის ტაქსი მოძრაობს თბილისში"

ტაქსის მძღოლებისათვის სანებართვო პირობების დაწესების მთავარი მიზანია ვიცოდეთ, რა რაოდენობის ტაქსი მოძრაობს თბილისში , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა კახა კუჭავამ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით ტაქსებზე სანებართვო რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონდებლო პაკეტი წარადგინა.

„ვერ ნახავთ ქალაქს, სადაც ტაქსების მოძრაობა შესაბამისი წესებითა და ნებართვებით არ არის რეგულირებული, მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლის მაგალითებისკენ ჩვენ მივისწრაფით. ის, რაც დღეს თბილისში ტაქსების კუთხით ხდება, ნამდვილად არ არის სახარბიელო და აშკარად გაუმჯობესებას საჭიროებს. თქვენ რასაც პირველ ეტაპზე გთავაზობთ, არის იმის აღრიცხვა, თუ რა რაოდენობის ტაქსია თბილისში. როცა რაღაცის რეფორმას იწყებ, არ შეიძლება პირდაპირ შემოიღო წესები, თუ დეტალურად არ გაქვს შესწავლილი, რა ხდება ბაზარზე. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რა რაოდენობის ტაქსია თბილისში. აუცილებელია პირველ ეტაპზე ვიცოდეთ, რამდენია ტაქსების რაოდენობა. პირველი ეტაპი მხოლოდ და მხოლოდ აღრიცხვას მოიცავს, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდება, როგორც ტაქსისტი. პირველი ეტაპი იქნება მინიმალური მოთხოვნა, რაც უკავშირდება ერთიანი ტაქსის ნიშნის არსებობას, რომელიც ყველა ნებადართული ტაქსისთვის საერთო იქნება, შემუშავდება სპეციალური ფორმა, სადაც მითითებული იქნება ტაქსის მძღოლის სახელი, გვარი, ნებართვის ნომერი, ასევე ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც აუცილებელია, თუკი ტაქსის მომსახურებით იქნები დაკავებული. ეს არის პირველი ეტაპი, რასაც შემდგომ უნდა მოყვეს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული რეფორმა“, - განაცხადა კუჭავამ იურდიულ საკითხა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში, თბილისში ტაქსით მომსახურება სანებართვო რეგულაციას დაექვემდებარება. ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას მისი გაცემის ფასსა და გადახდის წესს ადგილობრივი მუნიციპალური მთავრობა განსაზღვრავს და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენს.