”მწავნე ალტერნატივა” დარიალში მთის მასის ჩამოწოლას პროგნოზირებდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივა” ”დარიალიჰესის” მშენებლობას რამდენიმე თვის წინ აპროტესტებდა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა, ტერიტორია, სადაც ”დარიალიჰესის” მშენებლობა მიმდინარეობდა, არ იყო შესწავლილი როგორც ჰიდროლოგიური, ისე გეოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, რომ მთის მასის ჩამოწოლის მიზეზი სწორედ ჰესის მშენებლობა გამხდარიყო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, ისინი ხელისუფლებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აფრთხილებდნენ, რომ წყლის მასის 80-90%-ის გვირაბში გატარების შემდეგ, შენაკადებიდან წამოსული ნაშალი ამოვსებას დაიწყებდა და დაახლოებით ისეთ შედეგს მიიღებდნენ, როგორიც დღეს მოხდა.

მანანა ქოჩლაძე იხსენებს, რომ მათ სასამართლოსაც მიმართეს, რათა გაეუქმებინათ ჰესის მშენებლობაზე გაცემული დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზა, რაც ჰესის მშენებლობის შეჩერებას გამოიწვევდა.