დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო

დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წარმომადგენლებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.

კომიტეტს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რომელსაც საკუთარ დასკვნაში ასახავს. შენიშვნები ძირითადად პროექტის იმ ნაწილს ეხება, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას და ეროვნული ბანკის ჩართულობის ხარისხს უკავშირდება.

“უნდა განისაზღვროს სარგებლის შეფასების ინდიკატორი, რომელიც გაითვალისწინებს ინფლაციას, ფულის ღირებულებას იმ მომენტისთვის. მოქალაქე, რომელიც საპენსიო ფონდში საკუთარ ფულს ჩადებს, ამ ინდიკატორის მიხედვით შეძლებს განსაზღვროს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა. გარდა ამისა, რაკი აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაგროვდება, რომელთა ინვესტირებაც ბაზარზე მოხდება, არასწორი განთავსების შემთხვევაში, ცხადია, ეს ბაზარს დააზიანებს. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს უფრო მეტად ეროვნული ბანკის როლი”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ დღეს გამართული სხდომის შემდეგ.

კაკულიას თქმით, საპენსიო ფონდები რისკის გარეშე არ არსებობს, მაგრამ რისკი უნდა იყოს გონივრული, გასაგები და მკაფიო, თუ რა არის ის გონივრული ელემენტი, რომელიც მოქალაქეს რისკზე წასვლის გამართლებას მისცემს.

საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვისას დეპუტატების მხრიდან გამოითქვა ეჭვი, თუ რამდენად ღირსეული იქნება ის სარგებელი, რომელიც პოტენციურმა პენსიონერმა უნდა მიიღოს.