დაიწყე საკუთარი ბიზნესი

”ვინც ეძებს, ის პოულობს”...

გაქვს საკუთარი ბიზნესიდეა, რომელიც გჯერა, რომ წარმატებული იქნება. თუმცა, ისევე როგორც ყველა წინდახედული მეწარმე, მხოლოდ გუმანს არ ენდობი და გადაწყვიტე, ბაზარი გამოიკვლიო?- ეს ყველაზე კეთილგონივრული ბიზნესგადაწყვეტილებაა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა იმ საწყის ხარჯთან ერთად, რაც ბიზნესის წამოწყებას თან ახლავს, ბევრ დამწყებ მეწარმეს უჭირს, გამონახოს დამატებითი სახსრები ბაზრის კვლევისთვის. ეს ფაქტია!

საერთოდ, რეკომენდებულია მიმართო მარკეტინგული კვლევის ორგანიზაციას და ბაზრის კვლევა ბიზნესის ექსპერტებს მიანდო. თუ მიიჩნევ, რომ კვლევა დამოუკიდებლად არ შეგიძლია, ან ფიქრობ, რომ შენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არაკომპეტენტური იქნება, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მართლაც გამოცდილი ადამიანები დაიხმარო.

მაგრამ თუ შენს შესაძლებლობებში დარწმუნებული ხარ, დაგეთანხმებით, რომ ბაზრის კვლევა არც ისე რთულია, როგორც კოსმოსური მეცნიერება - მთავარია, კვლევის მიზნის სწორად განსაზღვრა, ეფექტური კვლევის მეთოდის შერჩევა და შემდგომ მოქმედებათა კონტროლი.

ამგვარად, ფულსაც დაზოგავ! და თუ სწორად განსაზღვრავ შენს მიზანს და აირჩევ ყველაზე ეფექტურ კვლევის მეთოდს, ფულთან ერთად ენერგიაც დაგეზოგება.

”ვინც ეძებს, ის პოულობს”

კვლევის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ მოდი ჩვენ მარკეტინგული კვლევის რამდენიმე გავრცელებული და გამოსადეგი მეთოდი განვიხილოთ, რომელთა ჩატარებაც თავად შეგიძლია:

ფოკუს ჯგუფი: მოწვეული რესპოდენტების გამოკითხვა: გსურს ახალი პროდუქტის განვითარება? ახორციელებ ახალ სარეკლამო კომპანიას? გაინტერესებს შეაფასო შენი მომხმარებლების საჭიროებები და გაიგო მათი აზრი შენი სამომავლო მიზნების შესახებ? - ფოკუს ჯგუფი მომხმარებელთა აზრის კვლევის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.

მოქმედებას იმით იწყებ, რომ კარგად უნდა განსაზღვრო კვლევის მიზანი და ამოცანები, შემდეგ შეადგინო ის შეკითხვები, რომლებზეც ჯგუფის მონაწილეებისგან პასუხის მიღება გსურს. ფოკუს ჯგუფის შეკითხვები უნდა იყოს არასტრუქტურული და მარტივი, რესპოდენტები არ უნდა იყვნენ შეზღუდულები წინასწარ განსაზღვრული პასუხებით, მათ აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა მიანიჭო. მაგალითად, ინტერვიუ დიაწყო იმის გამოკითხვით, იყიდიან, თუ არა შენს საქონელსა თუ მომსახურებას? რა არის მინიმალური და მაქსიმალური ფასი, რის გადახდასაც ისურვებენ? სად ისურვებდნენ შეძენას? მოსწონთ თუ არა შეფუთვა, შენი კომპანიის სახელი და ა.შ..

სანამ ფოკუს ჯგუფს მოიწვევ, მანამდე სასურველია შეკითხვების ტესტირება. გააცანი ეს შეკითხვები შენს ახლობელ ადამიანებს და შეაფასე, რამდენად იმუშავებს ეს კითხვები რესპოდენტებთან და ხომ არ მოითხოვს რამე ცვლილებას?

ფოკუს ჯგუფი, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს 5-12 წევრისგან. რესპოდენტები შერჩეული უნდა იყვნენ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფის წევრები წარმოადგენდნენ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას.

რა დაინტერესება აქვთ მოწვეულ რესპოდენტებს?

გამოკითხვაში მონაწილეობისთვის სასურველია რესპოდენტების წახალისება. ყველაზე ხშირად მონაწილეებს აძლევენ ანაზღაურებას. თანხები განსხვავებულია თემატიკასა და რესპოდენტთა მიღწევადობის მიხედვით - რაც უფრო რთულია თემა და ძნელი მოსაძიებელია მიზნობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება მეტი იქნება. არის შემთხვევები, როცა რესპოდენტებს საჩუქრებით წაახალისებენ. ყველა შემთხვევაში ფაქტი ერთია - თუ გსურს, ეფექტური შედეგი მოგცეს ფოკუს ჯგუფით გამოკითხვამ, ყველანაირი ზომა უნდა მიიღო, რომ ჯგუფს სწორად შენი მიზნობრივი აუდიტორია წარმოადგენდეს. სწორედ მათგან მიღებულ ინფორმაციას აქვს შენთვის ფასი. მაგალითად, თუ ამზადებ ტომატს და გსურს მომხმარებელთა აზრის გაგება პროდუქტის შესახებ, შეცდომა იქნება, თუ კი ფოკუს ჯგუფში მოიწვევ 9 ბავშვსა და 2 მშობელს. ამ შემთხვევში უმჯობესია, მოიწვიო დიასახლისები, რომლებიც ჩვეულებრივ ტომატის მყიდველები არიან.

დიდი მნიშვნელობა აქვს გამოკითხვის კარგად ორგანიზებულობას. უნდა დარწმუნდე, რომ რესპოდენტები აუცილებლად მოვლნენ დანიშნულ დროს. ოთახი, სადაც წარმართავ გამოკითხვას, უნდა იყოს სათანადო ინვენტარით აღჭურვილი. სასურველია, მონაწილეებს გაუმასპინძლდე გამაგრილებელი სასმელითა და მსუბუქი საკვებით. ასევე უნდა გაითვალისწინო, რომ გამოკითხვის დროს დაზღვეული უნდა იყო ყველანაირი ხელისშემშლელი ფაქტორისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რესპოდენტთა ყურადღების გაფანტვა. მაგალითად თუ დანიშნულ დროს მეზობელ ოთახში სარემონტო სამუშაოები მინდინარეობს, ხმაური იმდენად გაფანტავს რესპოდენტთა ყურადღებას, შესაძლოა გამოკითხვა ჩაგეშალოს კიდეც.

რეკომენდებულია იქირაო ფოკუს ჯგუფისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი ან საერთოდ შესაბამის კვლევით ორგანოს მიანდო გამოკითხვა.

თუ ჯგუფს თავად უძღვები, ითავსებ მოდერატორის ფუნქციას, გაითვალისწინე, რომ უნდა წაახალისო თემის თავისუფალი განხილვა, რესპოდენტები არ უნდა შეზღუდო წინასწარ განსაზღვრული შეკითხვებით. წაეხმარე ისეთ მონაწილეებს, რომლებიც ვერ ერთვებიან საუბარში. ასევე დააბალანსე აქტიური რესპოდენტებისგან ინფორმაციის მიღების ინტენსივობა.

სასურველია განახორციელო გამოკითხვის ვიდეო ან აუდიოჩაწერა. ეს დაგეხმარება უკეთესად გაანალიზო ფოკუს ჯგუფის გამოკითხვის შედეგები.

პირისპირ ინტერვიუ: ამ დროს ინტერვიუერი პირდაპირ ხვდება რესპოდენტს და სთხოვს, უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. პასუხების მიღების მხრივ ეს მეთოდი ძალზე ეფექტურია: რესპოდენტთა დაახლოებით 90% მონაწილეობს გამოკითხვაში. გარდა ამისა, ინტერვიუერს ეძლევა საშუალება, პროცესი სრულად აკონტროლოს.

პირისპირ ინტერვიუს დროს შეკითხვები უნდა იყოს მარტივი და სტრუქტურული, რათა რესპონდენტს უადვილდებოდეს მათზე პასუხის გაცემა და არ ეკარგებოდეს დრო.

ამგავრი გამოკითხვის დროს ყველაზე მეტი ხარჯი მიაქვს ინტერვიუერების ანაზღაურებას. თუმცა თუ დროში შეზღუდული არ ხარ, ძნელი არ არის ამგვარი გამოკითხვა თავად მოაწყო ან დაიხმარო ახლობლები.

ინტერნეტ გამოკითხვა: სხადასხვა წყაროების თანახმად, საქართველოში ინტერნეტის 500 ათასამდე მომხმარებელია - იგულისხმება ყველა ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ მაინც რაიმე ფორმით იყენებს ინტერნეტს. დამეთანხმებით, რომ ეს მომხმარებელთა შთამბეჭდავი რაოდენობაა, თანაც ის შესაძლოა თქვენი პროდუქტის გასაღების მნიშვნელოვანი ბაზარი გახდეს.

სატელეფონო გამოკითხვა: მას ბევრი უპირატესობა აქვს, ყველაზე გამოკვეთილი კი არის:

  1. მცირედი დანახარჯები.
  2. სისწრაფე - ერთი საათის განმავლობაში საშუალოდ 10 რესპოდენტის გამოკითხვაა შესაძლებელი.
  3. მასში არ ერევა მესამე პირი და ნაკლებია ინტერვიუერის გავლენაც.
  4. გეოგრაფული ფაქტორი - შეგიძლია დარეკო და რესპონდენტებს ესაუბრო ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.