„ყოველ მე-4 ქართველს სხვა ქვეყანაში ცხოვრება სურს“ - ამის შესახებ IPM-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ქართველებისთვის საცხოვრებლად ყველაზე სასურველი ქვეყნებია გერმანია და აშშ.
კვლევაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი. თითოეული გამოკითხული ქვეყნიდან 1 200-მა ადამიანმა უპასუხა კითხვას, თუ რამდენად გადავიდოდნენ სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ.
ოთხ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა უმეტესობას სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა არ სურს. საქართველოში გამოკითხულთა 60%-ის თქმით, უცხო ქვეყანაში ცხოვრება არ სურთ.
„ზოგადად, ქართველი ემიგრანტების რიცხვი ბოლო წლებში კლებას განიცდის. საქსტატის ბოლო სამი წლის (2014-2016 წწ.) მონაცემების მიხედვით, იზრდება ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან, მაგრამ ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად.
ქართველ ემიგრანტთა ყველაზე დიდი რიცხვი რუსეთშია. თუმცა, ეს არ არის ქვეყანა, სადაც ქართველების უმეტესობას სურს საცხოვრებლად გადასვლა,“-ნათქვამია კვლევაში.
როგორც „აიფიემის“ განხორციელებული კვლევის მონაცემები ცხადყოფს, იმ ქართველი რესპონდენტებიდან (24%), რომლებიც სხვა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების შანსს გამოიყენებდნენ, მხოლოდ 3% გამოთქვამს რუსეთში ცხოვრების სურვილს. მაშინ, როცა ქართველების 5-5% აცხადებს, რომ მათთვის მუდმივად საცხოვრებლად ყველაზე სასურველი ქვეყნები გერმანია და აშშ-ია.
„კვლევის შედეგად გამოკვეთილ ამ ტენდენციას ემთხევევა სხვადასხვა წყაროს მონაცემებიც. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიხედვით, 2016 წელს თავშესაფრის მოპოვების თაობაზე ყველაზე მეტი განაცხადი (3,448 -განაცხადებების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი) საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში იქნა შეტანილი. ასევე, UNHCR-ის მონაცემებით, გერმანიასა და აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა ბოლო ხუთი წლის (2012-2016 წწ.) მანძილზე საგრძნობლად გაზრდილია,“-ვკითხულობთ კვლევაში.