„რეზონანსი" - ყოველი მესამე ადამიანი სესხს ფიზიკური გადარჩენისთვის იყენებს!

ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხის საკმაო ნაწილს ხალხი ფიზიკური გადარჩენისთვის იყენებს. თუკი 2-3 წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ ყოველი მეშვიდე ადამიანი ნასესხები ფულით იკვებებოდა, ეს მაჩვენებელი დღეისათვის საგრძნობლად არის გაუარესებული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების ნაწილი ემპირიული დაკვირვებით ასკვნის, რომ ქვეყანაში ყოველი მესამე ადამიანი სესხს საკვების შეძენის მიზნით იღებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კრედიტების გაცემის გამარტივებულმა პროცედურამ ეს პრობლემა საკმაოდ თვალსაჩინო გახადა. სიტუაცია განსაკუთრებით შეცვალა ფინანსური კომპანიების მიერ გატარებულმა "სწრაფი სესხის" პოლიტიკამ, რის შემდეგაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ ტიპის სესხს ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლად იღებს.

საქართველოში მდიდრები და შეძლებულები, ერთად აღებული, დაახლოებით 10%-ია. აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც, ასევე, 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 75%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.

ორგანიზაცია "ოქსფამის" მიერ 2 წლის წინ ჩატარებული კვლევით, ყოველი მეშვიდე ოჯახი შიმშილს სხვადასხვა კომერციული ბანკიდან და მიკროსაფინანსოებიდან აღებული კრედიტების მეშვეობით ებრძოდა, ყოველი მესამე ოჯახი კი უმძიმეს მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი - ისინი არასრულფასოვნად იკვებებოდნენ. ქართველი ეკონომისტების შეფასებით, მდგომარეობა ბოლო 2 წელიწადში საგრძნობლად დამძიმდა და ახლა რადიკალურად სხვა ვითარებაა, ვიდრე კვლევის პერიოდში იყო.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ადასტურებს, რომ საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ბანკებიდან და "სწრაფი სესხიდან" აღებულ თანხას კვებაში ხარჯავს. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებისა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისკენ მიიმართება.

"ბოლო 2-3 წელიწადში ვითარება ქვეყანაში ძალიან დამძიმდა. საკმაოდ დიდი ოდენობის სესხი გამოიტანეს კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. რა შემოსავალიც აქვს მოსახლეობას, იმაზე მეტია გასავალი და ყოველდღიურ ხარჯს სესხის გარეშე ვერ უმკლავდება. ყოველი მეორე და მესამე ადამიანი რომ საკრედიტო წნეხის ქვეშაა, ფაქტია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ გაადვილებული ფორმით იძლევიან სესხებს, მაგრამ მისი გადახდის მხრივ ხალხს სერიოზული პრობლემა აქვს. მილიონზე მეტია დავალიანების მქონე ადამიანების რაოდენობა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. სამომხმარებლო კრედიტებიც დიდ როლს თამაშობს ამ სიმძიმის გაზრდაში.

საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩებათ ადამიანებს და იძულებულნი არიან, ფინანსური ორგანიზაციების მომსახურებით ისარგებლონ. ასეთი, ფაქტობრივად, ყოველი მესამეა, რომელიც სესხს ფიზიკური გადარჩენისთვის, ანუ საკვების შესაძენად იყენებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯგერენაიამ.

ამ მდგომარეობამდე ხალხი ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და სტაგნაციამ მიიყვანა, რაშიც ქვეყანა და მოსახლეობა სავალუტო კრიზისის გამო აღმოჩნდა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ხალხს დაზოგვის საშუალება არა აქვს. მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არა აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს თვალი გაუსწოროს.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ხალხს შემოსავლიდან მიზერული თანხაც არ რჩება და მათი მდგომრეობა არათუ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდეც კი გაუსაძლისად მძიმეა.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოჯახების უმრავლესობა შიმშილს სხვადასხვა კომერციული ბანკიდან და მიკროსაფინანსოებიდან აღებული კრედიტების მეშვეობით ებრძვის, ყოველი მესამე ოჯახი კი უმძიმეს მდგომარეობაშია - ისინი არასრულფასოვნად იკვებებიან.

"ინფლაციაა ქვეყანაში. ადგილობრივი პროდუქციის მარაგი იანვრიდან უკვე აღარ არის, ხოლო იმპორტული საქონელი გაძვირებულია. საბანკო სექტორის გარდა, არაფერი ვითარდება. ძალიან მძიმე ვითარებაა, როცა ადამიანებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.

ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ მოგვიწევს ნორმირებულ კვებაზე გადასვლა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. 200 ათასზე მეტი კაცი გავიდა ქვეყნიდან, რაც უვიზო გასვლის უფლება მივიღეთ. ეს არ არის შემთხვევით, ხალხი თავშესაფარს ითხოვს, გარბის ქვეყნიდან და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამას წახალისების მიზნით აკეთებენ.

ხალხი არსებობისთვის იბრძვის და ბევრი ოჯახი შიმშილს ვერ უმკლავდება. ჩვენი მოსახლეობის 75% სიღარიბეში ცხოვრობს. სესხით აღებული თანხით ცდილობენ შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას. ყოველი მესამე ოჯახი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ისინი არასრულფასოვნად იკვებებიან. ამ დროს საქართველოს მთავრობა სხვადასხვა სახის ღონისძიებას მოსახლეობის ხარჯზე ატარებს. ასეთ ნაბიჯს კი სოციალური ფენების უფრო მეტად გაღატაკება მოჰყვა.

კიდევ კარგი, ხორბლის მოსავალი იყო, ძალიან დიდი მარაგია და მისი ფასიც მისაღები. ეს რომ არ ყოფილიყო, პურის გაძვირება გარდაუვალი იქნეობდა. საქართველოს მოსახლეობის 62%-ზე მეტი იკვებება პურით. ეს კატასტროფაა. მისი წილი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს კვების მთლიან ბალანსში 30%-ზე მეტი. ამ მხრივაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა", - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

სავალუტო ფნდის სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, 1000 ადამიანიდან 67%-ს აქვს სესხი, ანუ ოჯახის 2/3 კრედიტებზეა ჩამოკიდებული. საბანკო და ნებისმიერი სხვა ტიპის სესხის გამო ოჯახების უმეტესობა მინუსშია და ხარჯი შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"