მდინარე თერგში მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა ჩაიშალა

დარიალის ხეობაში, მდინარე თერგში მილიონი კუბური მეტრი მიწის მასაა ჩამოსული.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დარიალის ხეობაში სტიქიის ადგილის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. კალაძის განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მეწყერმა რამდენიმე სატვირთო მანქანა მოიყოლა.

"პრემიერის დავალებით, ყველა სამინისტრო მობილიზებულია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება დროულად მოგვარდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მომხდარი "დარიალიჰესის" მშენებლობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას მომხდართან კავშირი არ აქვს.

დღეს დარიალის ხეობაში მთის ფერდობი მოწყდა.