კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ის, რომ "სითი პარკი" კომფორტს არ გვიქმნიდა, არც სიახლეებზე იყო ორიენტირებული და არც განვითარების გეგმა ჰქონდა, გასაგებია. მერის გადაწყვეტილებაც, დარწმუნებული ვარ ბევრს გაახარებდა. თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად არის გამყარებული სამართლებრივად ხელშეკრულების გაწყვეტა. ხელშეკრულება ისე გაწყდა, რომ კონკრეტული სტრატეგიაც არ გვინახავს, როგორი იქნება პარკირება ხვალ. შემიძლია ვივარაუდო, რომ სამომავლოდ პარკირება ქალაქში ზონალური-გეოგრაფიული დაყოფის პრინციპით განხორციელდება, ანუ პარკირებისთვის სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა საფასური დაწესდება და თან შესაძლოა საათობრივადაც განისაზღვროს (არსებობდა ასეთი გეგმა). ამ სქემით წასვლა ნიშნავს პარკირების საფასურის გაზრდას.
მიუღებლად მიმაჩნია პარკირების მენეჯმენტის გადაცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც თავად არის უმენეჯმენტო სტრუქტურა, ჩარჩენილი 50-60-იან წლებში. დღეს ეს კომპანია სრულიად გაცლილია თანამედროვე მიდგომებისგან. მეტროს თავზე ჩამონგრევაც ამ კომპანიის კისერზეა, თუმცა ყველაფერი მიჩუმათდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაჩნდა ეჭვი კომპანიაში კორუფციული გარიგებების არსებობის შესახებ, ამ თემამაც მიიძინა. ფიქრობ, ზეიმი ნაადრევია. "სითი პარკი გავაგდეთ და ავშენდით", "ჩვენ მანქანებს ევაკუატორი აღარ გაიტაცებს" და ა.შ ძალიან ბავშვური მიდგომაა. ვითხოვთ, სამუშაო პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვას,“-წერს მესხიშვილი.