General Motors-ი 35 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის ხელისუფლებამ საავტომობილო კონცერნი General Motors-ი 35 მლნ დოლარით დააჯარიმა.

კომპანია იმის გამო დაჯარიმდა, რომ ვერ შეძლო იმ მანქანების ოპერატიულად უკან გაწვევა, რომელთაც გაუმართავი დასაქოქი სისტემა ჰქონდათ.

ეს ჯარიმის მაქსიმალური ოდენობაა, რომელსაც ამერიკული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

როგორც აშშ-ის მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალურ სამსახურში (NHTSA) განაცხადეს, ეს იყო ყველაზე მკაცრი სანქცია, რომელიც ოდესმე მსგავსი შემთხვევების დროს გამოყენებულა.

General Motors-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ თავისი მუშაობის პროცესის გადახედვა დაიწყო, რათა მსგავსი სიტუაცია მომავალში თავიდან აიცილოს.

კონცერნმა უკვე გაიწვია უკან 2.5 მლნ დეფექტიანი მანქანა, რომელთა მართვამაც 13 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

”ამ შემთხვევამ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა და შედეგად, ჩვენ უფრო ძლიერი კომპანია გავხდით”, - განაცხადა General Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ.

კომპანია იმის გამო დაჯარიმდა, რომ ავტომობილ Chevrolet Cobalt-ის და სხვა მანქანების დასაქოქ სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ ანგარიში თავის დროზე არ წარმოადგინა. მანქანებში არსებული აღნიშნული დეფექტი კი აფერხებდა ავტომობილში უსაფრთხოების ბალიშების გახსნას, რის გამოც აშშ-ის ტერიტორიაზე სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

NHTSA-ში აღნიშნული პრობლემის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2007 და 2010 წელს შევიდა, მაგრამ გამოძიების დასაწყებად არ იყო აუცილებლად სამყოფი ცნობები.