დავით საგანელიძე EXIMBANK-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტი, დავით საგანელიძე სტამბოლში თურქეთის სახელმწიფო ექსპორტისა და იმპორტის განვითარების ბანკის (EXIMBANK) სათავო ოფისში ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრას EXIMBANK-ის გენერალური დირექტორი ალადინ მეთინი, გენერალური დირექტორის მოადგილე ნესუთ გურსოი, ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კორაი ერდენი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალური კონსული, ბატონი ირაკლი ასაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

EXIMBANK-ის ხელმძღვანელებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოში მიმდინარე მსხვილი პროექტების დაფინანსებაში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ "საქართველოს განვითარების ბანკის" კანონპროექტზე.

EXIMBANK-ის ხელმძღვანელების მიერ მოწონებული იქნა მთავრობის აღნიშნული ინიციატივა, რადგან, მათი აზრით, ასეთი ტიპის ბანკი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოში მრავალი პერსპექტიული დარგის განვითარებას.

EXIMBANK-ის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს განვითარების ბანკის ტექნიკურ დახმარებაში და კადრების მომზადებაში.

დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა ბანკის წარმომადგენლებს საქმიანი შეხვედრისთვის, საინტერესო რეკომენდაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს განვითარების ბანკს ფინანსების მოზიდვაში და წარმატებულ საქმიანობაში", - აცხადებენ პარლამენტში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით დაიგეგმა EXIMBANK-ის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში.