ჯეფ ბეზოსი კოსმოსის ათვისებაში დედისთვის საჭირო თანხის გარდა მთელ ქონებას დახარჯავდა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ აპირებს მილიარდობით დოლარი დახარჯოს კოსმოსის კვლევის საქმეში.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მან საკუთარი სიმდიდრე, რომელიც Amazon-ის საშუალებით მოიპოვა,  „ლატარეის გამარჯვებულ ბილეთად“ შეაფასა და კოსმოსში ადამიანების გადაადგილების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ბეზოსმა ნიო-იორკში ყოფილი კოსმონავტის ბაზ ოლდრინის ჯილდოს მიღებისას გააკეთა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ღონისძიების ფარგლებში გაკეთებული კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

უფრო ადრე კი მან განაცხადა, რომ აფინანსებდა კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფდა კოსმოსურ ფრენებს. საუბარია კომპანია Blue Origin-ზე, რომელშიც ბეზოსმა მილიარდის ინვესტიცია უკვე განახორციელა. მილიარდერს არ დაუკონკრეტებია საკუთარი ქონების რა ნაწილს მოახმარდა ის კომოსური პროექტებში ინვესტირებას, მაგრამ მისი ნაცნობი მილიარდერის ფრედერიკ პოლსენის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ბეზოსი ამ საქმეს მოახმარს ყველაფერს, გარდა „საკუთარი დედისთვის საჭირო თანხისა“.

შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება ამ მომენტისთვის 131 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კოკა კვირკველია