ილონ მასკის კომპანია Tesla-მ საცხოვრებელი სახლებისთვის მზის ელემენტების დამონტაჟების ბიზნესში პოზიციები დაკარგა.
როგორც Bloomberg-ი წერს, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ჯამში 50 მეგავატი სიმძლავრის ელემენტები დაამონტაჟა, მაშინ, როდესაც მისმა კონკურენტმა კომპანია Sunrun-მა საკუთარ მომხმარებლებს ჯამში 85 მეგავატი სიმძლავრის მოწყობილობები დაუმონტაჟა.
აღსანიშნავია, რომ Tesla-მ ლიდერი პოზიცია მას შემდეგ დაკარგა, რაც შეიძინა კომპანია SolarCity, რომელსაც თავის მხრივ, დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამის შემდეგ მისი წილი ბაზარზე ნელა, თუმცა სტაბილურად მცირდებოდა.
საერთო ჯამში კი, გასულ წელს ამერიკის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟებული მზის ელემენტები შემცირდა 2016 წელთან შედარებით და ეს მოხდა პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, Sunrun გახდა იმ მცირე კომპანიათაგანი, რომელმაც საკუთარი გაყიდვები გაზარდა. თავად აშშ კი 2016 წლის მონაცემებით მეოთხე ადგილზე იყო მსოფლიოს მაშტაბით მზის ელემენტების საერთო დადგმული სიმძლავრის მიხედვით. ამ მხრივ ლიდერები არიან ჩინეთი, იაპონია და გერმანია.
კოკა კვირკველია