თანდათან, სწრაფ ტემპებში, ჩვენ ფიქსირებულ ინტერნეტბაზარს დავარეგულირებთ ისე, რომ კონკურენცია იყოს მაქსიმალური, ფასებმა დაიწიოს და ხარისხმა აიწიოს,
- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განუცხადა.
მისი თქმით, მსხვილმა საერთაშორისო კომპანია "იტალ ტელეკომმა" ქართული მსხვილი კომპანიისგან ძალიან კარგი შეთავაზებაც მიიღო. ამასთან, ბექაური უარყოფს, რომ ამ კომპანიის შემოსვლაზე ქართული კომპანიები ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიან.
"არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიას ადგილობრივი კომპანიების მხრიდან ხელშეშლაზე ესაუბროს. "იტალ ტელეკომის" წარმომადგენლებს შევხვდი თბილისში, დააფიქსირეს, რომ სურვილი აქვთ საქართველოში შემოსვლის, თუმცა რაიმე ხელშეშლაზე არ უსაუბრიათ. მოლაპარაკებები გრძელდება ადგილობრივ ოპერატორებთან. ეს მოლაპარაკებები მოიცავს ბევრ ასპექტს. მე როგორც ვიცი, მოლაპარაკებებს ადგილობრივი სამივე მსხვილი კომპანია აწარმოებს და ერთ-ერთისგან ძალიან კარგი ოფერიც აქვს "იტალ ტელეკომს". თუ რაიმე პრობლემა იქნება, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას იტყვის. ზოგადი ინტერესი ჰორიზონტზე ჩანს კიდევ ორი კომპანიის, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ჯერ შორს ჩანს",- განაცხადა ბექაურმა.