თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი: "ბოტანიკური ბაღის მხოლოდ ტურიზმზე ორიენტირება სწორი არ იქნება"

ბოტანიკურ ბაღში საკოლექციო ნაკვეთების გაუქმება და მხოლოდ ტურიზმზე ორიენტირებაარ იქნება სწორი, რადგან, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი, ახორციელებს საერთაშორისო გრანტებს და ვალდებულია დაიცვას ამ საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მოთხოვნები, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილმა დირექტორმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო გოცაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ბაღი დაკარგავს ბოტანიკური ბაღის სტატუსს და მხოლოდ სარეკრეაციო ზონა იქნება.

გოცაძე ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც „ქართუ“ განახორციელებს, მისასალმებელია.

„მოხარული ვარ, რომ ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აქვე დავძენ, მავანთა მცდელობა, წარმოაჩინოს, რომ ბაღის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მისი სტატუსის დაკნინებას გამოიწვევს, არასწორია. მეორეს მხრივ, არც ისე უნდა იყოს გაგებული, რომ ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო მნიშვნელობა უკანა პლანზე გადავიდეს, რადგან, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ფონდი „ქართუს“ საშუალებით უკვე რამდენიმე ათეული წელია ზრუნავს არა მარტო ბაღის ინფრასტრუქტურის, არამედ, მის სამეცნიერო განვითარებაზეც და სწორედ მისი დამსახურებაა, ბოტანიკურმა ბაღმა უმძიმეს წლებს რომ გაუძლო და დღემდე ამ სახით მოვიდა. გარდა ბაღის მნიშვნელობისა და მისი შემდგომი განვითარებისა, თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებსაც კარგად ვიცნობ და მათი მოგვარების საკითხებიც მაქვს დამუშავებული. ჩემი ცოდნა ამ სფეროს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კარი ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო დახურული აღმოჩნდა, როგორც ბატონმა მერმა კახა კალაძემ მოგვიწოდა, დღემდე აქტიურად ვცდილობ ღია ფანჯრის მონახვას, რათა ჩემი ცოდნა მოვახმარო ჩვენი ქალაქის და ქვეყნის გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გოცაძემ და დასძინა, რომ ბაღის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობამ, როგორც ახლა იგეგმება, ხელი უნდა შეუწყოს ბოტანიკური ბაღის განვითარებას და არა მის დაკნინებას.

მისივე თქმით, ის წინააღმდეგია, რომ ბოტანიკურ ბაღში გაუქმდეს დაცული საკოლექციო ნაკვეთები. „ასევე წინააღმდეგი ვიქნები, გავუშვათ ცხოველები და ვიზრუნოთ, რომ ბაღი გახდეს მხოლოდ ტურისტებისთვის საყვარელი დასასვენებელი და გასართობი ადგილი. ადამიანები, ვინც არ იცის ბოტანიკური ბაღის დანიშნულება, მას მხოლოდ სარეკრეაციო და გასართობ ზონად აღიქვამს. ბოტანიკური ბაღების ძირითად ფუნქციას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა წარმოადგენს და მათი მნიშვნელობა კანონმდებლობით არის განსაზღვრული: „ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს ბუნების დამცველ ორგანიზაციას, რომლის ამოცანებია მცენარეთა სპეციალური კოლექციების შექმნა ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მცენარეული სამყაროს გამდიდრების მიზნით. აგრეთვე, სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იკრძალება ყოველგვარი მოქმედება, რაც არ არის კავშირში მის ამოცანებთან და იწვევს ფლორისტული ობიექტების დაცვის რღვევას“. საკოლექციო ნაკვეთების გაუქმება და მხოლოდ ტურიზმზე ორიენტირება არ იქნება სწორი, რადგან, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი, ახორციელებს საერთაშორისო გრანტებს და ვალდებულია დაიცვას ამ საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მოთხოვნები. სხვა შემთხვევაში, ბაღი დაკარგავს ბოტანიკური ბაღის სტატუსს და იქნება მხოლოდ სარეკრეაციო ზონა“, - აღნიშნა გოცაძემ.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ახალი ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი, ასევე ვიზიტორთა ცენტრი და პარკინგი მოეწყობა. ინფრასტრუქტურის მოწყობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.