საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტის მასშტაბი 2007 წელს ჩამოწოლილ მეწყერზე მეტია.
პრეზიდენტის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეობის აღდგენას სერიოზული დრო და რესურსი დასჭირდება.
"მე ვიმყოფები იმ ადგილას, სადაც მყინვარი ჩამოიშალა. აქ 2007 წელსაც იგივე მოხდა, მაგრამ მისი მოწყვეტის მასშტაბი, რამდენადაც ვხედავ, უფრო დიდია, რის შედეგადაც არის დაგუბება, თუმცა ის ნელ-ნელა იკლებს. ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმეა იმ ხალხის ბედი, რომელიც ამ კატასტროფაში მოჰყვა. ბუნებრივია, ესაა ტრაგედია. ასევე სერიოზული პრობლემა აქვს გზასაც, გასაწმენდი და აღსადგენია. სერიოზული დრო და რესურსებია საჭირო. მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით არის სალიკვიდაციო პროცესი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება გარემოს დამცველთა მოსაზრებას, რომ სტიქიის მიზეზი შესაძლოა, "დარიალჰესის" მშენებლობა გამხდარიყო, პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულ საკითხში ექსპერტი არ არის, თუმცა როგორც ხეობის კარგად მცოდნემ იცის, რომ დევდორაკზე მეწყერის ჩამოწოლა ხშირად ხდება.