რა ღირს კომერციული ფართები თბილისში?

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება. მიზეზი ერთია - კომერციული ფართების ყიდვა-გაქირავება ძალიან მომგებიანი ბიზნესია.

უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს დირექტორის, გვანცა გუჯელაშივილის განმარტებით, კომერციულ ფართების ფასი საცხოვრებელ ბინებთან შედარებით ყოველთვის მაღალია.

„ბოლო პერიოდში კი, როცა ახლადაშენებული კორპუსების რიცხვი ასე სწრაფად იზრდება, სამშენებლო კომპანიებიც ცდილობენ, რომ მშენებლობაზე გაწეული ხარჯები კომერციული ფართებით დააკომპენსირონ. ზოგიერთი კომპანია კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივად ითვალისწინებს ამ ფართებს და თავადვე, სხვადასხვა საჭიროების მიხედვით იყენებს“,-აცხადებს გუჯელაშვილი.

მისივე თქმით, კომერციულ ფართებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა ცენტრალურ უბნებშია. როგორც გუჯელაშვილი აცხადებს, პრესტიჟული ადგილების რიგებში მოწინავე ადგილს რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირი, ჭავჭავაძის, პეკინის ქუჩები და ასევე ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიები იკავებს.

„მთელს მსოფლიოში ასეა, რომ წამყვანი ბრენდები, კაფე-რესტორნები, ბანკები თუ სხვა, უპირატესობას ყოველთვის ცენტრალურ უბნებს ანიჭებენ და შესაბამისად, ამ ტენდენციას არც ჩვენი დედაქალაქი ჩამოუვარდება,“-განმარტავს გუჯელაშვილი.

რაც შეეხება კომერციული ფართების ღირებულებას, გვანცა გუჯელაშვილი განმარტავს, რომ მათი ფასი 2-ჯერ მაინც აღემატება საცხოვრებელი ბინების ღირებულებას, თუმცა საფასური ამ შემთხვევაშიც ადგილმდებარეობის მიხედვით არის განსხვავებული.

„გარეუბნებში კომერციული ფართების ფასი არის 50-70 დოლარის ექვივალენტი ლარში. შემდეგ მოდის დიღომი, სადაც 1 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი 50-70 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში მერყეობს. ცენტრალური უბნებისკენ ფასები უკვე იზრდება და მაგალითად, ვაკეში 1 კვადრატული მეტრი კომერციული ფართის ღირებულება 100-180 დოლარია, შემდეგ არის დიღმის მასივი, სადაც კომერციული ფართების ფასი 200-300 დოლარს აღწევს. ამასთან, იგივე ფასია ძველ თბილისშიც,“-აცხადებს გუჯელაშვილი.