მეწარმეებისთვის საბანკო სესხები ძალიან ძვირია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
იმის ნაცვლად, რომ რეალური სექტორის დაკრედიტება მოახდინონ, კომერციული ბნკები საპროცენტო განაკვეთების ზრდით მეწარმეობის განვითარებას ხელს უშლიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე დოლარში გასაცემ სესხზე ბანკების სარგებელი იმდენად მაღალია, კრედიტით სარგებლობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აზრს კარგავს.
მართალია, უცხოური ვალუტით წლიური საპროცენტო განაკვეთი იურიდიულ პირებზე შარშან შემცირდა, მაგრამ, შემოდგომიდან მოყოლებული, გეზი ზრდისკენ აიღო. ამ ეტაპზე მეწარმეებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,4%-ს შეადგენს. 2017 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 9%-ის ფარგლებში იყო, მოგვიანებით 7,9%-მდე შემცირდა და შემდეგ ისევ გაიზარდა.
რაც შეეხება იურიდიულ პირებზე საპროცენტო განაკვეთებს ლარში, ის ამჟამად 11,3%-ს შეადგენს. ცვლილება ეროვნულ ვალუტაში უმნიშვნელოა და თამაშობს 11,0-დან 11,8%-ის ფარგლებში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მცირე გაძვირების ტენდენცია აქაც შეიმჩნევა.
ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობის სირთულე რეალური სექტორის განვითარებას აფრეხებს. ნაწილი პრობლემის მიზეზად პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკს მიიჩნევს, რის გამოც კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მეწარმეების მხრიდან სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.
საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის პროფესორი მიხეილ ჯიბუტი პრობლემის მიზეზად პოლიტიკურ და მმართველობით რისკს მიიჩნევს.
"ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, ის ორგანიზაცია, რომელიც თამაშის საკუთარ წესებს ადგენს. ამიტომ ყველაფერს საბანკო სექტორს ვერ გადავაბრალებთ, როცა მეწარმეობის უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორია. საერთო კონტექსტია ისეთი, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რა რეალობაც დღეს გვაქვს.
რისკი არ არის მხოლოდ ეკონომიკური, საფრთხე ბიზნესისთვის ბევრია მის გარეშეც. მაგალითად, ესაა ცუდი მმართველობა, სრული უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, რასაც პოლიტიკური მომენტიც ემატება. ამაში გადის მმართვლეობის ის სისტემა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სოლოკრატიის სახით. ასე ხდება, როცა ხელისუფლების გარეთ მყოფი ერთი ადამიანი ფლობს იმაზე მეტ ძალაუფლებას, ვიდრე თვითონ ხელისუფლება. ეს არის მთავარი მიზეზი და სანამ ამ პრობლემას არ ეშველება, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
რაც შეეხება ბანკების საპროცენტო განაკვეთებს, მას ბაზარი არეგულირებს და არ იქნება დაბალ ნიშნულზე, სანამ პოლიტიკური და მმართველობითი გარემო არ შეიცვლება. სოლოკრატიული სისტემის ფარგლებში რისკი ყოველთვის მაღალია, რის გამოც ყველა მეწარმე თუ ფინანსური სუბიექტი აზღვევს თავის რესურსს. საბოლოო ჯამში, ეს აისახება მაღალ ფასში. ამიტომ ვიხდით იმაზე მეტს, ვიდრე ამა თუ იმ მომსახურების რეალური ღირებულებაა და ასეა საბანკო სექტორშიც", - აღნიშნა ჯიბუტმა "რეზონანსთან" საუბრისას.
ფინანსისტების შეფასებით, საბანკო სქეტორის მხრიდან პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული, რაც საბოლოოდ წვრილი და საშუალო ბიზნესის საქმიანობას პრობლემას უქმნის. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი ანდრია გვიდიანი განმარტავს, რომ ბანკებისთვის გაცილებით მომგებიანია სესხების გაცემა იმ სეგმენტისთვის, სადაც რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. მათი აზრით, იურიდიული პირებისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირება არაპრიორიტეტული და ნაკლებად მომგებიანია.
"საბანკო სისტემის სპეციფიკა და მისი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ნამდვილად დამაფიქრებელია. საქართველოში კომერციული ბანკები მოტივირებული არიან, ფული ჩადონ იმ ბიზნესში, რაც არ შეიცავს რისკს, ამიტომ არ აფინანსებენ რეალურ სექტორსა და სტარტაპებს. ურისკო სესხების გაყიდვა მათთვის უფრო მომგებიანია.
რეალური სექტორი ყოველთვის საბანკო მხარდაჭერის მიღმა რჩება. არსებობს სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, სადაც მითითებულია, რომ ბანკების მიერ იმპორტზე დამოკიდებული სესხების გაცემა უნდა შეიზღუდოს და რეალური სექტორის დაკრედიტებას შეეწყოს ხელი. სინამდვილეში, ასე არ ხდება. შესაბამისად, გვაქვს ის არასწორი მოცემულობა, როდესაც ბანკებს ეკონომიკის განვითარება არ აინტერესებთ და პრიორიტეტებსაც არასწორად განსაზღვრავენ", - განუცხადა "რეზონანსს" გვიდიანმა.
მიუხედავად ამისა, ფინანსისტს მიაჩნია რომ ბანკების საქმიანობაში ხელოვნური ჩარევა არ უნდა მოხდეს. ეს, საბოლოო ჯამში, მთლიანად სექტორს დააზარალებს და ვითარებაც არ გამოსწორდება.
"მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორში შეიქმნას კონკურენტული გარემო, ვიდრე ხელოვნური მეთოდებით მოხდეს საპროცენტო განაკვეთების დაწევა. ასეთი მიდგომა არ გაამართლებს და ნებისმიერი მსგავსი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. მთავარია, მეტი ბანკი იყოს ბაზარზე და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა გამარტივდეს. ჩემი აზრით, ეს ბევრად მნიშვნელოვანია, რაზეც ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს.
კონკურენცია თავისთავად გამოიწვევს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლებას. ჩვენ თუ გვინდა ბიზნესის განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულნი, სახელმწიფომ უნდა გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯი, ვიდრე კომერციულმა ბანკებმა", - დასძინა გვიდიანმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"