პრემიერი - „საქართველოს კაპიტალის“ მიერ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 300 მლნ დოლარის ევროობლიგაციების განთავსება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საქართველოს კაპიტალის“ მიერ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 300 მლნ დოლარის ევროობლიგაციების განთავსებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა შევეხო „საქართველოს კაპიტალის“ მიერ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას. ეს არის პირველი ასეთი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, საინვესტიციო ბიზნესჰოლდინგმა, 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ეს არის 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში და მისი დაბანდება მოხდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა და სხვადასხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ჯგუფთან ერთად ჩვენ გვექნება დღეს შეხვედრა და ერთობლივი პრეზენტაცია ამ შედეგის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.