მთავრობა დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობის გეგმას დაამტკიცებს

მთავრობა დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობის გეგმას დაამტკიცებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, წინა სხდომაზე დამტკიცდა ბაკურიანის ქალაქთმშენებლობის გეგმა, დღეს კი დიდი მიტარბის ანალოგიური გეგმა დამტკიცდება.

„აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს გეგმაზომიერ განვითარებას დიდი მიტარბის არეალის. საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ასევე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდაზე და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთლიანი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანსა და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ 4 სეზონის კურორტად. საუბარია იმაზე, რომ 5 000 საწოლი ადგილი განვითარდება დიდი მიტარბის მიმართულებით. იქნება ასევე კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები. დიდი სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა - სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები ძირითადად ბაკურიანში განვითარდება და ეს ერთი მთლიანი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი საქართველოში ტურიზმისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანსა და დიდ მიტარბში და ასევე 100 კილომეტრის რადიუსის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ექნება ძალიან დადებითი ზეგავლენა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.