დიდი ზომის ალმასი, რომელიც სიდიდით გოლფის ორი ბურთის ზომას უტოლდება, ლესოტოში იპოვეს. ალმასი 40 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
Gem Diamonds-მა, კომპანიამ, რომელმაც ის იპოვა, განაცხადა, რომ 910 კარატიანი ალმასი სიდიდით მეხუთე ძვირფასი ქვაა, რომელიც ოდესმე უპოვნიათ. ის ბელგიაში, ანტვერპენში გაიყიდა აუქციონზე. მყიდველის ვინაობა უცნობია.
Gem Diamonds-მა ძვირფასი ქვის აღმოჩენის შესახებ იანვარში განაცხადა. კომპანიამ მას „ლესოტოს ლეგენდა“ უწოდა.
ქვა აფრიკის სამხრეთში, ლეცენგის მაღაროში იპოვეს. მაღარო კომპანიამ 2006 წელს შეიძინა. ის დიდი ზომისა და განსაკუთრებულად წმინდა ალმასებით არის ცნობილი. ქვა D ფერისა და IIა ტიპის ალმასად არის კლასიფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ ქვა ძალიან მაღალი ხარისხისაა მცირე მინარევებით.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, კლიფორდ ელპიქი: „მოხარული ვართ ამ ქვის გაყიდვით მიღებული შედეგით, რაც ახდენს როგორც „ლესოტოს ლეგენდის“ განსაკუთრებული ხარისხის, ისე უნიკალური ხარისხის ლეცენგის ალმასის წარმოების დემონსტრირებას“.
Gem Diamonds-ის მიერ აღმოჩენილ ალმასებს შორის აღნიშნული ყველაზე ძვირფასია, თუმცა სხვა კომპანიებს უფრო ძვირადაც გაუყიდიათ ქვები. გასულ წელს Lucara Diamond Corp-მა 813 კარატიანი ალმასის გაყიდვით რეკორდული თანხა - 63 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
Gem Diamonds-მა 2015 წელს 357 კარატიანი ალმასი 19,3 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა, 2006 წელს კი 603 კარატიანი ალმასი „ლესოტოს დაპირება“ იპოვა.
Gem Diamonds ლესოტოში ლეცენგის მაღაროს 70%-ის მფლობელია და ბოტსვანაში არსებული განგოს მაღაროს 100%-ს ფლობს. ლეცენგის მაღარო ცნობილია დიდი ზომის, უმაღლესი ხარისხის ფერის, განსაკუთრებით თეთრი ალმასებით, რის გამოც ეს მაღარო მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია.
Gem Diamonds-ს წელს 100-ზე მეტ კარატიანი ექვსი ალმასი აქვს ნაპოვნი.