დარიალის ხეობაში გადაადგილება აიკრძალა

დარიალის ხეობაში გადაადგილება აიკრძალა.

ამის მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მყინვარწვერზე არსებული მეწყერსაშიში ზონა დაასახელა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მყინვარწვერზე დარჩენილია მოუწყვეტელი მეწყერის ნაწილი, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია როგორც ტრანსპორტის, ისე მოქალაქეებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის.

"გადაადგილება შეზღუდულია უსაფრთხოებისთვის. მყინვარზე ჩვენ მობილიზებული გვყავს ალპინისტების ჯგუფი, ასევე მესაზღვრეები და მეწყრის დარჩენილი ნაწილის დაძვრის შემთხვევაში, ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფა. სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლდება, რადგან ხელახალი მეწყრის შემთხვევაში, მოხდეს იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ჭიკაიძის თქმით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 7 პირი, რომელთა შორის შესაძლოა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, როგორც შს მინისტრმა განაცხადა, გაკეთებულია ახალი კალაპოტი და შესრულებულია გაწმენდითი სამუშაოების 60-70%.

მისივე თქმით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სადაც შს სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შაბათს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

დარიალის ხეობაში სამუშაოები გრძელდება. ალექსანდრე ჭიკაიძეს ვითარება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და რეგიონში რჩება.