"ინვესტორები საქართველოს მთავრობისგან ევროობლიგაციების გამოშვებას ითხოვენ", - ამის შესახებ „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდნენ.
"80-ზე მეტ ინვესტორს შევხვდით ევროობლიგაციების გამოშვების Roadshow-ზე ინგლისში, აშშ-ში, ევროპაში. დაინტერესება საქართველოსადმი ძალიან დიდია. მოგეხსენებათ, საქართველოს რეფორმირება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. საქართველოს ეკონომიკის ზრდა საკმაოდ დიდია. წარმატებას მიაღწია საქართველომ ბევრი მიმართულებით, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივით, აგრეთვე გადასახადების შემცირებით. ძალიან დიდი წვლილი მოუძღვის ამ რეფორმას ინვესტორების დაინტერესებაში. ინვესტორები, რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოში დებენ ფულს და მერე „საქართველოს კაპიტალში“. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი დავინახეთ ინვესტორების მხრიდან. მართალი რომ გითხრათ, მათ ერთი თხოვნა აქვთ, რომ იქნებ საქართველოს მთავრობამ გამოუშვას ევროობლიგაციები. მეხვეწებოდნენ და მე ვუთხარი, რომ გადავცემდი და ახლა საშუალება მეძლევა, რომ ეს გითხრათ“, - მიმართა ირაკლი გილაურმა გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს.