Google ციფრული ვალუტების რეკლამირებას აკრძალავს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Google ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული ყველა სახის რეკლამას აკრძალავს.

„კომპანიამ განაახლა მისი ფინანსური მომსახურების წესები, რომლის თანახმადაც იკრძალება ყველა სახის კრიპტოვალუტის რეკლამირება, მათ შორის ICO-სი, „საფულეებისა“ და ამ ტიპის ვალუტების შესყიდვების შემსწავლელი რეკლამაც კი“ - ამის შესახებ კომპანიის სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელმა სკოტ სპენსერმა CNBC-ს განუცხადა.

ეს კი ნიშნავს, რომ ლიცენზირებულ კრიპტოკომპანიებსაც კი ეკრძალებათ ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება Google-ში და მასთან დაკავშირებულ სხვა, მესამე მხარის ვებ გვერდებზეც.

„ჩვენ არ გვაქვს ნათელი ხედვა, თუ საით მიდის ციფრული ვალუტა, მაგრამ ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებმაც ამით იზარალეს ან არიან პოტენციური დაზარალებულები. სწორედ ამის პრევენციისთვის ვდგამთ ამ ნაბიჯს“, - განაცხადა სპენსერმა.

ახალი განკარგულება 2018 წლის ივნისში შევა ძალაში. კომპანიამ ამ ნაბიჯით გაიმეორა მეორე ტექნოლოგიური გიგანტის Facebook-ი მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გაცხადებული ანალოგიური ტიპის გადაწყვეტილება.

კოკა კვირკველია