აბრეშუმის მუზეუმში აბრეშუმის ნივთების გამოფენა მიმდინარეობს

 

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აბრეშუმის მუზეუმში ინტერაქტიური გამოფენა მიმდინარეობს.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს, თავად მიიტანოს აბრეშუმის ნივთი გამოფენაზე - სამოსი ან ქსოვილი და მუზეუმის ეზოში მოწყობილ ექსპოზიციაში თავად გამოფინოს.

თითოეული მონაწილე თავის ნივთთან ერთად მასთან დაკავშირებულ ამბავსაც წარადგენს.

გამოფენაზე მისული ბავშვებისთვის ხატვის და ძერწვის ვორქშოფი მიმდინარეობს, ბავშვები ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ მუზეუმის ექსპონატებს ხატავენ და ძერწავენ. გარდა ამისა, გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ თუთის ჩაიც.

გამოფენა-აქცია ერთდღიანია, დღის ბოლოს სტუმრები საკუთარ ნივთებს სახლში წაიღებენ.

მუზეუმი 1887 წელს დაარსდა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იგი ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია საქარველოში, შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი სახე. ექსპონატების დიდი ნაწილი XIX საუკუნეს განეკუთვნება, წარმოშობით კი 61 ქვეყნიდანაა.