დიმიტრი ქუმსიშვილი - Check-in Georgia-ს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის

Check-in Georgia-ს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia -ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ბიზნესის გარდა, წლევანდელ პროექტში ჩაერთვებიან მცირე მეწარმეებიც.

„მიხარია, რომ Check-in Georgia ჩვენმა ბიზნესმა საკუთარ დღის წესრიგში მონიშნა. ადგილობრივი მეწარმეობისთვის ეს ახალი სტიმული და განვითარების რეალური შანსია. პროექტის კალენდარი ღონისძიებებით მაქსიმალურადაა დატვირთული, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენა-რეალიზაციის მეტ შესაძლებლობებს, გაზრდილ შემოსავალს, მეტ დასაქმებულ ადამიანს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, Check-in Georgia -ს პროექტის ფარგლებში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია იპოვოს საკუთარი სეგმენტი, აითვისოს მისთვის საინტერესო სივრცე, მოახდინოს პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიკაცია.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.