საქართველოში საბანკო სისტემას დღეს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
საზოგადოების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა საბანკო პროდუქტით სარგებლობს, თუმცა მათგან ყველაზე ხშირად მაინც სამომხმარებლო სესხებს იყენებენ.
გიფიქრიათ, რას ნიშნავს რეალურად 0%-იანი განვადება, რომელსაც კომერციული ბანკები გვთავაზობენ - ამის გასარკვევად საკმარისია, მიმართოთ რომელიმე მაღაზიას და ჰკითხოთ, დაგიანგარიშონ, რა დაგიჯდებათ მათთან განთავსებული რომელიმე პროდუქტის 0%-იანი განვადებით შეძენა. მალევე დარწმუნდებით, რომ როგორც მაღაზიის, ისე ბანკის წარმომადგენლებს მათ მიერ შემოთავაზებული პირობების მართლაც სჯერათ და მეტიც, ისინი გულმოდგინედ ცდილობენ, თქვენც დაგარწმუნონ აღნიშნული პირობების სარფიანობაში.
საადვოკატო ბიურო OK&CG-ს იურისტების განმარტებით, ერთი შეხედვით მარტივად ამოსაცნობი საბანკო მომსახურების პროდუქტი - საბანკო კრედიტი, საზოგადოებისათვის ხშირად არასწორად არის აღქმული.
კერძოდ, საბანკო დაწესებულებები სარეკლამო საშუალებებით ცდილობენ მომხმარებლებს საკუთარი საკრედიტო სერვისი სხვადასხვა პირობებით შესთავაზონ. მაგალითად, სამომხმარებლო სესხი გარკვეული შეღავათიანი პირობებით, 0%-იანი განვადების სერვისი და სხვა ტიპის შეთავაზებები, რაც მომხმარებლების ყურადღებას იქცევს. თუმცა, მეორე მხრივ, ყველა ასეთი ტიპის შეთავაზება საბანკო კრედიტს წარმოადგენს. შესაბამისად, მიუხედავად გარკვეული შეღავათებისა, მომხმარებლებისათვის კრედიტით სარგებლობა მაინც გარკვეული ოდენობით ძვირდება.
მსგავსი შეთავაზებებით მოქალაქეები ცდილობენ, უზრუნველყონ საყოფაცხოვრებო ტექნიკის, წვრილმანი საოჯახო ნივთების, მოგზაურობის თუ სხვა დანახარჯების დაფინანსება. შესაბამისად, მათთვის ყველაზე მიმზიდველი ხშირ შემთხვევაში, მაღაზიების მიერ შეთავაზებული 0%-იანი განვადების სერვისია.
განვადება სამომხმარებლო ტიპის სესხს წარმოადგენს, რომლის აღებასაც ძირითადად განაპირობებს მომხმარებლის მიერ მაღაზიაში კონკრეტული საქონლის შეძენა. ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, განვადების შემთხვევაში განსაზღვრულია სესხის კონკრეტული მიზანი, კერძოდ, ის, თუ რა მიზნობრიობით ხდება მომხმარებლის მიერ თანხის სესხება.
ამდენად, მომხმარებლებისათვის ყველაზე მიმზიდველ სერვისად მიიჩნევა უპროცენტო განვადება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი არასწორად აღიქვამს მსგავს შეთავაზებებს და მიიჩნევს, რომ მას განვადებით სარგებლობის შემთხვევაში დამატებით თანხის გადახდის ვალდებულება არ დაეკისრება და ნივთის შეძენას მაღაზიის მიერ შეთავაზებულ ფასად შეძლებს.
0%-იანი განვადება 0%-იანი არ არის!
„მართალია, უპროცენტო განვადების შეთავაზებებში ძირითადად სესხის საპროცენტო განაკვეთი ნულის ტოლია, თუმცა, მაღაზია პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს უძვირებს ნივთის ღირებულებას. ასევე შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს განვადების დამტკიცების ან სხვა სახის საკომისიოები, რაც, მთლიანობაში თითქმის უთანაბრდება ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხის პირობებით გათვალისწინებულ საპროცენტო განაკვეთს და მომხმარებელი ვეღარ იღებს იმ შეღავათს, რისი მოლოდინიც ჰქონდა,“-განმარტავს საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატი ანა გორდეზიანი.
მისივე თქმით, ძირითად პრობლემას საზოგადოების არაინფორმირებულობა და მომხმარებლების მხრიდან საკუთარი უფლება-მოვალეობების არცოდნა წარმოადგენს.
„ვფიქრობ, საბანკო დაწესებულების წარმომადგენლები მოწოდებული უნდა იყვნენ მომხმარებლისათვის მაქსიმალურად ნათელი და გასაგები გახადონ საკუთარი სერვისის ყველა პირობა და უზრუნველყონ კლიენტის ინფორმირება მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებელთა ყურადღების მიღმა რჩება,“-განაცხადა გორდეზიანმა.