თბილისში „ხრუშჩოვკის“ ყიდვა არავის სურს - რატომ არ არის მოთხოვნა ამ ტიპის ბინებზე?

ე.წ. ხრუშჩოვკები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა, მოქალაქეებშიც ნაკლებად მიმზიდველია.

უძრავი ქონების სააგენტო „Myclient.ge“ რამდენიმე თვიანი დაკვირვების შედეგად აცხადებს, რომ „ბინის შეძენით დაინტერესებულთა შორის ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინის შეძენის მსურველი ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა“.

ცოტა რამ, „ხრუშჩოვკების“ შესახებ:

„ხრუშჩოვკა“ ნიკიტა ხრუშჩოვის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953-1964 წლებში) პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებია, რომლის პროექტიც მართალია არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე „ხრუშჩოვკის“ სახელით მოიხსენიებენ. თავდაპირველად საბჭოთა კავშირში „ხრუშჩოვკების“ მშენებლობა საბინაო პრობლემის გადაწყვეტის მიზნით დაიწყო და მისი ექსპლუატაციის ვადა 25 წელზე იყო გათვლილი. შემდეგ იყო ე.წ. „მყარი ხრუშჩოვკების“ სერია, რომელიც უკვე 50-წელზე იყო გათვლილი. როგორ გამოიყურება ამ ტიპის სახლები? აღნიშნულ სახლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღემატება, არ არის ლიფტი და შიდა კედლებს ხმის ცუდი იზოლაცია აქვს.

რაც შეეხება იმას, თუ დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების რა ნაწილი უკავია ე.წ. ხრუშჩოვკებს. Myclient.ge-ს დირექტორის, გვანცა გუჯელაშვილის განმარტებით, „თბილისში დღეს 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკის ტიპის“ კორპუსია და მათი მთლიანი საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 1,066,800 კვ.მ-ს შეადგენს. საიდანაც ყველაზე მეტი დიღმისა და ვარკეთილის მასივებზე და ვაჟა-ფშაველას კვარტლებზეა თავმოყრილი“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „Myclient.ge“ რამდენიმე თვეა, აკვირდება, საცხოვრებელი ბინის რა ტიპის პროექტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა დედაქალაქში; კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ყველაზე დაბალი მოთხოვნა ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინებზეა. „ფაქტობრივად აღარ არის მოთხოვნა ამ ტიპის ბინებზე, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მთავარი ის არის, რომ ადამიანებს აღარ უნდათ იცხოვრონ იმ ტიპის სახლში, როგორიც „ხრუშჩოვკაა“, დღეს უკვე შეიცვალა ადამიანების მოთხოვნის დონე და შესაბამისად, ურჩევნიათ, ძველი, მოშლილი საკანალიზაციო სისტემისა და კომუნიკაციის მქონე სახლის ნაცვლად, უკეთესი ინფრასტრუქტურის სახლი შეიძინონ“.

და მაინც... რა ღირს თბილისში ხრუშჩოვკის ტიპის ბინები?

გვანცა გუჯელაშვილის განმარტებით, „ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინებში კვადრატული მეტრის ფასები უბნების მიხედვით განსხვავებულია. საბურთალოზე 1 კვ.მ-ის ფასი - 688 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარშია, დიდუბის რ-ში - 1 კვ.მ-ის ფასი - 654 აშშ დოლარის, ხოლო ვარკეთილში - 1 კვ.მ-ის ფასი -474 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გახლავთ. ვარკეთილის რ-ნ.-ის შემდეგ მოდის თემქის, სამგორისა და გლდანულას დასახლებაში არსებული „ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინები, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 454 აშშ დოლარია.