„ვესაუბრებით მეზობელ ქვეყნებს, რომ ერთად ავწიოთ თამბაქოს აქციზი, რათა ერთმანეთში კონტრაბანდის გადატანა არ დაიწყოს“

ვესაუბრებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების მთავრობებს, რომ ერთად ავწიოთ თამბაქოს აქციზი იმისთვის, რათა ერთმანეთში კონტრაბანდის გადატანა არ დაიწყოს,

- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე თამბაქოს აქციზის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განცხადებით, თამბაქოსთან მიმართებაში ასოცირების შეთანხმებით, DCFTA-ით საქართველოს აქვს აქციზის გათანაბრების პირდაპირი ვალდებულება.

„ბოლო წერილი, რაც ევროკავშირს მივწერეთ, იყო ის, რომ ეს 2025 წლამდე გაიწეროს. წელს თამბაქოზე აქციზი არ გაიზარდა, შემდეგ წელს აქციზი გაიზრდება. როდესაც თამბაქოზე აქციზი იზრდება, არის ერთი საშიშროება. ჩვენ ვართ გარშემორტყმული ქვეყნებით, სადაც ასევე თამბაქოს ნაწარმია. თუ შენი აქციზი არის ძალიან მაღალი, შემდეგ იწყება კონტრაბანდა, ამიტომ ჩვენ ვესაუბრებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების მთავრობებს, რომ ერთად ავწიოთ ეს აქციზი იმისთვის, რომ ერთმანეთში არ დაიწყოს ამ კონტრაბანდის გადატანა. ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან აქტიური მოლაპარაკება სომხეთთან, სადაც ყველაზე დაბალი აქციზია, დანაჩენებთან მეტნაკლებად გავსწორდით. სომხეთი დაგვიპირდა, რომ წელს აქციზს გაზრდიან და ვნახოთ, ამის მიხედვით გაიზრდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.