რუსეთის 12 უმდიდრესი ადამიანი, პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის მეორე ნახევარში, ჯამში 29.5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.
არადა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მათი ქონება მნიშვნელოვნად შემცირებული იყო.
პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადა 2012 წელს დაიწყო. იმ დროისთვის, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში შემავალი 12 ყველაზე მდიდარი რუსიდან, თავისი ქონება ყველაზე მეტად, მეტალების ოლიგარქმა ვლადიმირ პოტანინმა გაზარდა. მისი ქონება 6.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ნიკელის მაგნატმა (პოტანინის ყოფილი პარტნიორი ნორნიკელში) მიხაილ პროხოროვმა, რომელიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინს უწევდა კონკურენციას, 1.6 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ასეა თუ ისე, რუსეთის უმდიდრესი 12 ადამიანის მიერ ექვსი წლის განმავლობაში ნაშოვნი ქონება ახლოსაც ვერ მიდის Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსის მიერ გასულ წელს მიღებულ 33.2 მილიარდ დოლართან. ცნობისათვის, ბეზოსი ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად არის მიჩნეული.
რუს მილიარდერებს პუტინის მესამე ვადის პირველ ორ წელიწადში დიდი მოგება ჰქონდათ. მაგრამ უკრაინის 2014 წლის კრიზისის შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა და ენერგომატარებლების ფასები მკვეთრად შემცირდა, მათ დიდი ზარალი განიცადეს. 2016 წლის იანვარში მათი ქონება ჯამში 115 მილიარდ დოლარს აღწევდა. მაგრამ მას შემდეგ, სხვადასხვა სახის ნედლეულზე ფასების ზრდის და რუსული საფონდო ბაზრის აღმავლობის კვალობაზე, მათი ქონებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.