ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების შემთხვევები თვალში საცემად მატულობს.
ბოლო პერიოდში რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა კიდეც, თუმცა უფრო მეტი ჯერ კიდევ დაუდგენელია. როგორც "რეზონანსის" მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, თითქმის არც ერთს ყალბი კუპიურის აღმოჩენის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებისათვის არ მიუმართავს.
ბოლო 2 წელიწადში გახშირდა ინფორმაცია ყალბი ფულის შეძენა-შენახვა-გასაღების შესახებ. როგორც მედიის საშუალებით, ასევე პირად საუბარში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ადასტურებს ფაქტს, რომ პირადად მას ან მის ნაცნობს სხვადასხვა ყალბი კუპიურა შეატყუეს.
ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების შემთხვევები უკვე საკმაოდ ბევრია. 2018 წლის 9 იანვარს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 3000 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა დაამზადა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით გაასაღა. გამოძიებისა და ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს ყალბი 1-ლარიანი მონეტები, მათ დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები.
წლის დასაწყისშივე, 2018 წლის 16 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის შენახვა-გასაღების კიდევ ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქვემო ქართლში, სავაჭრო ობიექტში ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო თბილისში ყალბი 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში, ამოიღეს 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები და 48 800 ყალბი თურქული ლირა.
2018 წლის 2 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა შიდა ქართლის რეგიონში ოთხი ერთეული ყალბი აშშ ასდოლარიანი კუპიურა გაასაღა. დაკავებისას დამატებით ამოიღეს 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.
ამავე წლის 12 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალი ფულის შანახვა-გასაღების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 18 000 ლარის ყალბი 100-ლარიანები გაასაღა.
ეს მხოლოდ ოფიციალური ცნობებია. ყალბი ფულის შეტყუების შემთხვევა კი უამრავია, თუმცა იმის გამო, რომ დიდი თანხა არ იყო, დაზარალებულთა ნაწილმა საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვისგან თავი შეიკავა.
თაკო მიქელაძე თამბაქოს ჯიხურში მუშაობს. როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყალბი 50-ლარიანი ორჯერ შეატყუეს. მიუხედავად ამისა, მას საგამოძიებო სამსახურისთვის არ უცნობებია.
"თამბაქოს მაღაზიაში ვმუშაობ უკვე 3 წელია, მაგრამ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მქონია. წინა კვირას ორჯერ შემომაპარეს ყალბი 50-ლარიანი. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი გამოცდილება არ მქონია, არც გადამიმოწმებია და არც ეჭვი გამჩენია. დღის ბოლოს თანხის გადათვლისას აღმოვაჩინეთ, რომ ფული ყალბი იყო. ჩემი უფროსიც იქ იყო და მან გაიგო ამის შესახებ, პირადად მე არავისთვის მიმიმართავს. იმასაც ვერ ვიხსენებ, ვინ შემომაპარა და არც ის ვიცი, ერთი და იგივე პირი იყო, თუ სხვადასხვა ადამიანისაგან მივიღე ყალბი კუპიურა", - უთხრა "რეზონანსს" თაკო მიქელაძემ.
მურმან მაღლაფერიძე ბაზარში ვაჭრობს, ხორცს ყიდის. უსიამოვნება ბოლო დროს მასაც შეემთხვა. იგი ვერ იხსენებს, რომელმა კლიენტმა მოატყუა, მაგრამ დღის ბოლოს ნავაჭრის დათვლისას 3 ყალბი ათლარიანი აღმოაჩინა.
"ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად მესმის, რომ ყალბი ფული შეასაღეს ბაზარში გამყიდველს. მე ასეთი შემთხვევა არ მქონია აქამდე. 1 თვის წინ კი სალაროს დათვლისას სამი ყალბი 10-ლარიანი აღმოვაჩინე.
ხორცით მოვაჭრე ვარ. რაც დრო გადის და ხალხს უფრო და უფრო უჭირს, სულ უფრო ნაკლები რაოდენობის პოდუქტს ყიდულობენ. თუ დღესასწაული არ არის, რეალიზაციის მხრივ დიდი პრობლემებია. ზუსტად მახსოვს და რამდენჯერმე აღვნიშნე კიდეც, რომ იმ დღეს ვაჭრობის საქმე კარგად წავიდა და კლიენტებიც საკმაოდ მყავდა. მათგან რამდენიმემ ბევრი ხორცი იყიდა სხვა დღეებში ალბათ უფრო დაკვირვებით ვიქნებოდი, მაგრამ მაშინ ყურადღება ვეღარ მივაქციე, რადგან ბევრი კლიენტი მოვიდა. სამწუხაროდ, 30 ლარი ვიზარალე.
არსად განმიცხადებია. არც მახსოვდა, ვინ მომცა და როგორ უნდა გამოიძიონ? ეს კი არა, ბაზრობების დაწვის საქმეებს ვერ არკვევენ ესენი", - უთხრა "რეზონანსს" მურმან მაღლაფერიძემ.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"