კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ ვახტანგ აბაშიძე მონაწილეობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობს.

კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა – ვახტანგ აბაშიძემ გამოთქვა.

"როგორც ცნობილია, კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა – 5-ვე წევრს აქვს, თუმცა საბუთების მიღების ვადაში (8-დან 14 მაისის ჩათვლით) მხოლოდ ერთი კანდიდატი – ვახტანგ აბაშიძე დარეგისტრირდა. შესაბამისად, დღეს კომისიის წევრები მის კანდიდატურას უყრიან კენჭს და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული", - განაცხადეს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში.

მათივე განმარტებით, კომისიის დანარჩენი ოთხი წევრის მსგავსად, ხმის მიცემა შეუძლია თავად არჩევნებში მონაწილე კანდიდატსაც.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს სურვილის შემთხვევაში, გადადგეს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კომისიის წევრად დარჩეს (კომისიის წევრს საქართველოს პარლამენტის ექვსი წლის ვადით ირჩევს).

ასევე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება, კომისიის სულ ცოტა, ორ წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აქვს. კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარე თამანდებობიდან ვადამდე გადააყენოს.