ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო მატარებლების სრულფასოვანი დატვირთვის შემდეგ, სამგზავრო გადაყვანებისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"რაც შეეხება ზოგადად აბრეშუმის გზის იდეას, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზა არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ საქართველო იყოს წარმატებული ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სატვირთო მატარებლების მოძრაობა მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში. დაახლოებით, 6 თვეში არსებული გრაფიკის მიხედვით ის სამუშაოები, რომლებიც საჭიროა სატვირთო მატარებლების სრულფასოვანი დატვირთვისთვის მორჩება და შემდეგ უკვე კომპანია გადაერთვება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც აუცილებელია სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისთვის. აქვე ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კომპლექსური სტრატეგია ამ მიმართულებით. ერთი მიმართულების განვითარება, რა თქმა უნდა, მოგვცემს შედეგს, მაგრამ არა იმ მოცულობით, რაც გვჭირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელიც ხორციელდება ანაკლიაში. თითოეული ეს პროექტი ერთად, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო იქცეს თანამედროვე აბრეშუმის გზის წამყვან ქვეყნად, ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყანას მოუტანს ძალიან ბევრ დივიდენდს“, - განაცხადა ბახტაძემ.