”სითი პარკის” წარმომადგენელი - აუცილებლად მოვითხოვთ კომპენსაციას, რადგან ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა არაკანონიერად

კომპანია ”სითი პარკი” თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტაცია კომპანიას ორ დღის წინ ჩაბარდა და მისი გაცნობის შემდეგ აუცილებლად გაასაჩივრებს.

გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება კომპენსაციის ოდენობა.

”აქტუალური საკითხია კომპენსაციის ოდენობა. კონტრაქტის შეწყვეტის და პირგასამტეხლოს კალკულაციის ფორმულა არის თავად კონტრაქტის ნაწილი. ეს არის მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას შეთანხმებული პირობა. აღნიშნული ისაზღვრება სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს 2015 წელს, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებული აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროისთვის, ვინაიდან არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის არავითარი საფუძველი, კომპენსაციის არასრული ნათვალი წარმოადგენდა 25 მილიონ ლარს. კომპენსაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ჩადებულია მუხლი, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ფორმულით ამ თანხის დათვლას. ამ ეტაპზე, კომპენსაციის ზუსტი ოდენობის დათვლა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. აუცილებლად მოვითხოვთ კომპენსაციას, რადგან ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა არაკანონიერად”, - აცხადებენ კომპანიაში.