დაწესდება თუ არა საათობრივ პარკირებაზე საფასური - ირაკლი ხმალაძე არც უარყოფს, არც ადასტურებს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში საათობრივი პარკირების საფასურის დაწესებაზე შეიძლება იყოს საუბარი.

ხმალაძე ამბობს, რომ ეს განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკაა, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, არ აზუსტებს.

"ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ მუშაობას სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ და წარვუდგენთ საზოგადოებას როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე პარკირებასთან დაკავშირები",- განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში საათობრივი პარკირებისთვის საფასურის დაწესების საკითხი, ხმალაძე პასუხობს: "ჯერ არაფერს დაგიდასტურებთ, ვინაიდან პოლიტიკა დასრულებული არ არის. აქედან გამომდინარე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ცალკეული ელემენტების გამოტანა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

გიდასტურებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი სხვადასხვა ქვეყნებში, განვითარებულ ქალაქებში. ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში და როგორც კი დავასრულებთ მუშაობას, წარმოგიდგენთ ინფორმაციას", - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, მერიას პარკირების საათობრივი საფასურის დაწესებას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი სთავაზობს.