"გალფის" ბენზინგასამართ სადგურს SIGMA-ს ხელმძღვანელობა ეწვევა

თბილისს საერთაშორისო სასწავლო ტურის ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი ამერიკის ნავთობპროდუქტების მარკეტერების საზოგადოება SIGMA-ს მაღალი რანგის ხელმძღვანელობა სტუმრობს.

დღეს ამერიკელი სტუმრები კომპანია "გალფის" ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურს ეწვევიან, სადაც კომპანიის მუშაობას გაეცნობიან.

აღნიშნული ტურის ფარგლებში ასევე გაიმართება კონფერენცია რეგიონის პოტენციალის შესახებ ნავთობპროდუქტების ტრანზიტის სფეროში.

საერთაშორისო სასწავლო ტური SIGMA-ს საერთაშორისო ღონისძიებაა. სასწავლო ტურის ძირითადი მიზანია საწვავის მარკეტინგისა და რეალიზაციის მომავლის შესწავლა.

"მიუხედავად იმისა, რომ ტურის ძირითადი მიზანი განათლებაა, SIGMA-ს წევრები აქტიური სამეწარმეო სფეროს წარმომადგენლები არიან და ყოველთვის ეძებენ ახალ საინვესტიციო გარემოს და ვაჭრობის შესაძლებლობებს. ამ მხრივ, SIGMA-ს ყოფილ პრეზიდენტს კომპანია SC Fuels-ის ხელმძღვანელ ფრენკ გრენკის აქვს მჭიდრო ბიზნეს კავშირი ჩვენ ქვეყანასთან და ასევე საქართველოს საპატიო კონსულს წარმოადგენს კალიფორნიაში, აშშ", - აცხადებენ "გალფში".

მათივე ინფორმაციით, SIGMA ამერიკის ნავთობპროდუქტების დამოუკიდებელი მარკეტერების საზოგადოება (Society of Independent Gasoline Marketers of America) 1958 წელს დაარსდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საავტომობილო საწვავის მარკეტინგის სფეროში.

ორმოცდაათწლიანი ლიდერობის ფონზე, SIGMA ამჟამად წარმოადგენს ეროვნულ სავაჭრო ასოციაციას, რომელშიც შედიან ყველაზე წარმატებული, პროგრესული და ნოვატორი მარკეტერები და საწვავის გაყიდვების ქსელები აშშ-ში. ასოციაცია ეხმარება როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სეგმენტს ინფორმაციის სწრაფ მიღებასა და მომსახურებაში.

SIGMA-ს დაახლოებით 260 კორპორატიული წევრი განკარგავს ნავთობპროდუქტების საცალო ბაზრის 40 პროცენტს და ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიარდ ლიტრ საავტომობილო საწვავს ყიდის. SIGMA-ს წევრი კომპანიები აშშ-სა და კანადის მთელ ტერიტორიაზე მოღვაწეობენ.