ამერიკული კომპანია Nike Inc-ის ტოპ-მენეჯერი ტრევორ ედვარდსი კომპანიას თანამშრომლების მხრიდან საჩივრების საფუძველზე დატოვებს.
როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, ედვარდსი პოსტიდან იმ დღესვე გათავისუფლდა, თუმცა მისი გათავისუფლების პროცედურა აგვისტოში დასრულდება.
შიდა დოკუმენტებში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ პარკერი აცხადებს, რომ ამ ბოლო პერიოდში კომპანიამ მიიღო რამდენიმე საჩივარი „ორგანიზაციის შიგნით მიუღებელ ქცევებზე, რომელიც არ შეეფერება მათ ღირებულებებს - ინკლუზიურობას, პატივისცემას, უფლებების გაფართოვებას და შესაძლებლობებს“, - წერს The Wall Street Journal. პარკერს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა საჩივრებზეა საუბარი.
გამოცემის ინფორმაციით, ედვარდსი კომპანიაში პრაქტიკულად „მეორე კაცი“ იყო და პოტენციური ხელმძღვანელი.
55 წლის ედვარდსი ლონდონში დაიბადა და იამაიკაზე გაიზარდა. ის Nike-ში 1992 წელს მივიდა კომპანია Colgate-Palmolive-დან, როგორც მარკეტინგის რეგიონალური მენეჯერი. 2013 წლიდან კი ის მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის ბრენდის განვითარების მენეჯერად მუშაობდა.
კომპანიაში განვითარებულ მოვლენებს მის საბაზრო ღირებულებებზე გავლენა არ მოუხდენია. Nike-ის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა და 107 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კოკა კვირკველია