„სითი პარკი“ თბილისს 10 აპრილისთვის დატოვებს, რის შემდეგაც მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს და განახორციელებს.
ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი ახალი სისტემა როგორი იქნება, მძღოლებს მოუწევთ ისევ წლიური ბარათის შეძენა, თუ თბილისში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდება. თუ მსოფლიო ანალოგებს ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძირითადად ყველგან საათობრივი ტარიფი მოქმედებს, რაც არც ისე მცირეა.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პარკირების რა სისტემა მოქმედებს და რა ღირს მანქანის ქუჩაში გაჩერება.
პირველი ფასიანი ავტოსადგომი ამერიკაში, ქალაქ სან-ფრანცისკოში 1934 წელს გაჩნდა. დღეს ამ ქალაქის ნაკლებად დატვირთულ ქუჩებზე 1 საათი პარკინგი 25 ცენტი ღირს, გადატვირთულ ქუჩებზე - 7 დოლარი. ქალაქის ცენტრში შესვლაც ფასიანია - 6 დოლარი მსუბუქი მანქანისთვის და 42 - სატვირთოსთვის.
ევროპაში ყველაზე ძვირი ქალაქი ავტომფლობელებისთვის - ლონდონია. ქალაქის ცენტრში თითქმის შეუძლებელია თავისუფალი ადგილის მოძებნა, თუმცა ეს რომც მოხერხდეს, მძღოლმა ერთსაათიან პარკინგში მინიმუმ 1,7 ფუნტი სტერლინგი უნდა გადაიხადოს. ყველაზე ძვირ ქუჩებზე პარკინგი ერთი საათით 4, 9 ფუნტი სტერლინგი ღირს, თუმცა აქ დგომის ხანგრძლივობაც შეზღუდულია - ძვირადღირებულ საპარკინგე ადგილზე მანქანის გაჩერება მხოლოდ 2 საათია შესაძლებელი. ავტომფლობელი შეიძლება გადაარჩინოს კერძო მიწისქვეში პარკინგებმა, თუმცა იქ 1 საათით მანქანის დაყენება 10-17 ფუნტი ღირს. გარდა ამისა, ფასიანია ქალაქის ცენტრში შესვლაც - 10,5 - 14 ფუნტის სტერლინგი.
ავსტრიის დედაქალაქში მოკლევადიანი, 1-საათიანი პარკინგის ფასი ერთი ევროდან 17 ევრომდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უბანში აჩერებ მანქანას. იმ შემთხვევაში, თუ პარკინგის საფასურს არ გადაიოხდის მძღოლი, ის 36 ევროთი ჯარიმდება. პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომანქანის გამოყვანა კი მძღოლს 300 ევრო დაუჯდება.
ბერლინში პარკირების გადასახადი იაფია - 2 ევრო, თუმცა აქაც მანქანის პარკირების დრო მკაცრად არის განსაზღვრული, მძღოლს ერთ ადგილზე მანქანის გაჩერება 2 საათზე მეტი არ შეუძლია. ჯარიმა 10-დან 30 ევრომდე მერყეობს.
ძვირია პარკინგი სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითად, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ბენზინზე მომუშავე ავტომობილის პარკინგი 5 დოლარი ღირს, სტოკჰოლმში - 7,5 დოლარი საათში.
2020 წლისთვის ნიუ-იორკის ცენტრში მანქანით შესვლა ფასიანი გახდება, მანამდე კი სატრანსპორტი სიტუაცია ქალაქში შორსაა იდეალურისგან. პარკინგის მინიმალური ღირებულება შეადგენს 1 დოლარს საათში, მაქსიმალური - 3,5. თანაც, ეს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის. კომერციული ტრანსპორტის მფლობელებისთვის ფასები უფრო მაღალია - პირველი საათი - 4 დოლარი, მეორე - 5, მესამე და მომდევნო საათები - 6 დოლარი. ავტობუსებს შეუძლია გაჩერება მხოლოდ 3 საათით და ამაში მოუწევთ 1 საათში 20 დოლარის გადახდა.
იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქვეყანა ავტომფლობელებისთვის. მანქანის აღრიცხვაზე გატარების დროს ტოკიოს მცხოვრებმა უნდა დაამტკიცოს, რომ ფლობს პარკინგის ადგილს. თავად პარკინგი იაპონიაში ასევე ძალიან ძვირია - 1,8-9,5 დოლარი საათში ქალაქის სხვადასხვა რაიონში.
საკმაოდ იაფია ავტოსადგომები პეკინში - მაქსიმალური ფასი ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე შეადგენს 2 დოლარს საათში.
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მოქმედებს ფიქსირებული ტარიფი, რომელიც არ არის დამოკიდებული არც ქუჩის სტატუსზე, არც პარკინგის ხანგძლივობაზე - 2 დოლარი თითო დაყენება. ამავე დროს ქალაქში თითქმის არ არის უფასო ავტოსადგომები, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გარდა. სეულის ცენტრში შესვლა უფასოა, თუმცა ამავე დროს ფასიანი ზოგიერთი ხიდით და გვირაბით სარგებლობა.
რომში ყველაზე რთულია მანქანის გასაჩერებლად თავისუფალი ადგილის მოძებნა. თავისუფალი ადგილი ისეთ ფასიან ავტოსადგომებზეც კი არ არის, სადაც ერთი საათით გაჩერება 7 ევრომდე ჯდება. პარკინგის წესების დარღვევისთვის ჯარიმა კი 40 ევროს შეადგენს.
საინტერესოა ისიც, რომ იტალიაში მოძრაობის წესები ყველაზე რთული და ჩახლართულია. ნიშანი, რომელიც კრძალავს ამა თუ იმ ადგილას ავტომობილით შესვლას, გამოიყენება ხელისუფლების მიერ უამრავ ქუჩაზე თუ ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილების აკრძალვისთვის. მაგალითად, არის ადგილები, სადაც მანქანის შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს. აკრძალული ზონები ზოგჯერ იცვლება დღის განმავლობაში - ამიტომაც არ ღირს ავტომობილით გადაადგილება ისეთი ისტორიული ქალაქების ცენტრალურ რაიონებში, როგორც რომი, ფლორენცია, ან მილანი - შესაძლებელია, ხუთი წუთის წინ რომელიმე ქუჩა ღია იყო მოძრაობისთვის, 5 წუთის შემდეგ კი - დაიკეტოს.
რაც შეეხება თბილისს, აქ ერთწლიანი ბარათი 50 ლარი ღირს. თბილისის ცენტრალური უბნების ავტომობილებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას უკვე სთავაზობს. მათი თქმით, ამას ავტომატი გააკონტროლებს.