”ოცნების ხელისუფლების დაპირება, რომ პენსია და დაუბეგრავი მინიმუმი გახდებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი, აორთქლდა”

ოცნების ხელისუფლების დაპირება, რომ პენსია და დაუბეგრავი მინიმუმი გახდებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი, აორთქლდა.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ე.წ. საარსებო მინიმუმთან მიმართებაში არსებულ "გაუარესებულ მდგომარეობას" შეეხება.

ამასთან, პარტიის შეფასებით, მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებული არიან ფიქსირებული ოდენობის სახელმწიფო დახმარებაზე, უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, ვიდრე იყვნენ თუნდაც რამდენიმე თვის წინ.

"მოგეხსენებათ, დღევანდელ ხელისუფლებას 2013 წლის ბიუჯეტში დახვდა ჩადებული 150 ლარიანი პენსია, რომელიც იყო 2013 წლის საშუალო საარსებო მინიმუმის ტოლი. დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც ამ ხელისუფლებამ შემოიღო, ასევე იყო საარსებო მინიმუმის ტოლი, ანუ 150 ლარი. შეგახსენებთ, დაუბეგრავი მინიმუმის და პენსიის გატოლება საარსებო მინიმუმთან იყო ის ორი დაპირება, რომელთა შესრულებაც შეძლო "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დახვდათ გამართული ეკონომიკა და გამართული ბიუჯეტი. თუმცა, ხელისუფლების გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ფინანსური რესურსის გამოშვებამ სახელმწიფო ხაზინიდან 2013 წლის ბოლოს თანმდევი ლარის გაუფასურებით, ისევე როგორც ფასების ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის მცდელობამ, გამოიწვია საარსებო მინიმუმის ზრდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის აპრილის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და გახდა თითქმის 156 ლარი.

ეს ნიშნავს ორ რამეს:

1. ოცნების ხელისუფლების დაპირება, რომ პენსია და დაუბეგრავი მინიმუმი გახდებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი, აორთქლდა, ისევე როგორც აორთქლდა სხვა დაპირებები. დღევანდელი მდგომარეობით, არც პენსია და არც დაუბეგრავი მინიმუმი აღარ არის საარსებო მინიმუმის ტოლი.

2. დღეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებული არიან ფიქსირებული ოდენობის სახელმწიფო დახმარებაზე, აღმოჩდნენ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში, ვიდრე იყვნენ თუნდაც რამდენიმე თვის წინ", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

მათივე შეფასებით, ეს არის შედეგი იმისა, რომ "ხელისუფლება არის უუნარო და ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი ხელფასების ზრდაზე, 175 ათას ლარიანი ავტომობილების შეძენაზე, რესტორნებში ქეიფზე და საკუთარი ნათესავების დასაქმებაზე".